აგეგმვა
აგეგმვა — ტოპოგრაფიული რუკის ან გარკვეული ნიშანთვისების მიხედვით რუკაზე წვლილადების დასატანად საჭირო სამუშაოთა ერთობლიობა. აგეგმვა მოიცავს საველე და კამერულ სამუშაოებს.
- საველე სამუშაოებია: საყრდენი ქსელის შექმნა და წვლილადების წერტილთა შეფარდებითი მდებარეობის განსაზღვრა. ამ დროს ზომავენ მანძილებს, მიმართულებებს, კუთხეებს, წერტილთა შორის აღმატებებს და სხვა.
- კამერული სამუშაოებია: განაზომთა მათემატიკური დამუშავება და გრაფიკულად გამოსახვა. განარჩევენ: დედამიწის ზედაპირზე აგეგმვას, დედამიწის წიაღში აგეგმვას და აეროგეგმვას.
აგეგმვა დედამიწის ზედაპირზე შეიძლება იყოს ჰორიზონტალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების მხოლოდ კონტურები) და კომბინირებული, ანუ ჰორიზონტალურ-ვერტიკალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების კონტურებთან ერთად მათი ნიშნულებიც და რელიეფიც). ამ სახის აგეგმვას, ჩვეულებრივ, უწოდებენ ტოპოგრაფიულ აგეგმვას. განარჩევენ ინსტრუმენტარულ, ნახევრად ინსტრუმენტარულ და თვალზომით აგეგმვას. ინსტრუმენტული აგეგმვის სახელწოდებას განსაზღვრავს ის ისტრუმენტი, რომელიც ძირითადად იხმარება საველე სამუშაოებზე. მაგ., მენზურული აგეგმვა, ტაქეომეტრიული აგეგმვა, ფოტოთეოდოლიტური აგეგმვა და სხვა.
დედამიწის წიაღში აგეგმვა ხდება გვირაბებისა და მეტროპოლიტენების მშენებლობასა და სამთო-გეოლოგიური სამუშაოებთან დაკავშირებით. ასეთი სახის აგეგმვა მოიცავს: საორიენტაციო-დამაკავშირებელ აგეგმვას (მიწისქვეშა დასაყრდენის დაკავშირება ხილული ზედაპირის გეოდეზიურ საფუძველთან), ჰორიზონტალური საფუძველის შედგენას (პოლიგონომეტრიული და თეოდოლიტური სვლები), ნიველირებას და წვლილადების აგეგმვას. აქ წვლილადებია სამთო გამონამუშევართა სახეობები, მათი ზომები და სივრცობრივი განლაგება, წიაღისეულის ფორმები და მისი წოლის პირობები, წიაღში მარაგის, მისი ხარისხებისა და კომპონენტების განაწილების ხასიათი და სხვა.
აეროაგეგმვა მოიცავს აეროფოტოგადაღებას, საველე ფოტოლაბორატორიულ, ტოპოგრაფიულ და გეოდეზიურ ფოტოგრამმეტრიულ სამუშაოებს. ამჟამად, როგორც სახმელეთო, ისე ისე აეროფოტოგადაღებისას მიმართავენ სტერეოფოტოგადაღებას. მიღებული ფოტოსურათების სტერეოფოტოგრამმეტრიული მეთოდებით დამუშავების შედეგად ადგენენ ტოპოგრაფიულ გეგმებს და შემდეგ — რუკებს. სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა) ერთიანი კარტოგრაფირებისათვის აგეგმვითი სამუშაოები სრულდება საგანგებო ასაგეგმავ ქსელზე დაყრდნობით, რომელიც შედგენილია წინასწარ შექმნილი ასტრონომიულ-გეოდეზიურ-გრავიმეტრიული ქსელის (ან ქსელთა სისტემის) საშუალებით, დიდი სივრცეებიდან მცირე სივრცეებზე გადასვლის გზით. გამონაკლისია შედარებით მცირე სივრცეების აგეგმვა, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის პუნქტებს ეყრდნობა (თეოდოლიტური, მენზურული და ტაქეომეტრიული სვლები).
როდესაც არსებულ გეგმებსა და რუკებში საგანგებოდ შეაქვთ გარკვეული ნიშანთვისების მქონე წვლილადი, მაშინ აგეგმვა სახელწოდებას იღებს შესაბამისი სამეცნიერო დარგის ან წვლილადის მიხედვით. მაგალითად გეოლოგიური (აეროგეოლოგიური, ტექტონიკური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა), გეოფიზიკური (გეომაგნიტური, სინოპტიკური, გრავიმეტრიული და სხვა), სატყეო, საგზაო, საზღვაო და სხვა სახის აგეგმვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თევზაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 52-53.