ბგერის შთანთქმა
ბგერის შთანთქმა, აბსორბცია (ლათ. absorptio — „შთანთქმა“) — ბგერის ინტენსივობის შესუსტება რომელიმე გარემოში მისი გავლისას, ბგერითი ტალღების ენერგიის სხვა სახის (მაგ., სითბურ) ენერგიად გარდაქმნის შედეგად. ბგერის შთანთქმა დამოკიდებულია ბგერითი ტალღების სიხშირეზე და იმ გარემოს თვისებებზე, რომელშიც ბგერა ვრცელდება. იგი აირებში მეტია, ვიდრე სითხეებშ. სითხეებში მეტია, ვიდრე მყარ სხეულებში; უმცირესია კრისტალებში. ბგერის შთანთქმა როგორც წესი, ბგერითი ტალღების სიხშირის ზრდასთან ერთად იზრდება. სითხეთა უმრავლესობისათვის ბგერის შთანთქმის კოეფიციენტი სიხშირის კვადრატის პროპორციულია. ბგერის შთანთქმა და ბგერითი ტალღების გზაზე მოთავსებულ საგნებსა და ნაწილაკებზე გაბნევით გამოწვეული ბგერის შესუსტება ერთი და იგივე არაა. ბგერის შთანთქმისას ენერგია გარდაიქმნება სითბოდ, გაბნევისას კი მცირდება ბგერითი ტალღების გავრცელების პირვანდელი მიმართულებით გადასატანი ბგერითი ენერგიის რაოდენობა. ბგერის შთანთქმა სხვადასხვა ფოროვან-ბოჭკოვან ნივთიერებაში ძალიან დიდია, რაც იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ ასეთი მასალები არქიტექტურულ აკუსტიკაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 261.