აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 98)

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მდინარე ოცხეს მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ გაყოლებული მთავარი ქუჩის — რუსთაველის გამორჩეული შენობებისგან შემდგარ ცალმხრივ განაშენიანებაში.

ფასადის მარცხენა ნაწილში აივნით გახსნილი ქვის კუბური შენობის სივრცით-გეგმარებითი კომპოზიციის თავისებურებას გადახურვის კონსტრუქცია ქმნის ფასადების დამასრულებელი, გადახურვის შვერილ ქანობებს შორის ჩასმული ხის აჟურული „ფარდებით“ გაფორმებული ფრონტონებით. აღნიშნული თავისებური გადახურვის კონსტრუქციულ-დეკორატიული გადაწყვეტა განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება მარცხენა გვერდით ფასადზე. აქ უხეშად დამუშავებული მორუხო-ფირუზისფერი ქვის კედლის სიბრტყე გადახურვამდეა აყვანილი და მის წინ ფარდულს ქმნის მკვეთრად გადმოშვერილი ქანობები მსხვილი აჟურული მოტივებით შევსებული „ფარდით“ ფრონტონში. ქანობების ნაპირთან სქელი ფიცარია მიკრული, რომელსაც პროფილირებული ბოლოები აქვს და გრძივი კედლების დამასრულებელი კოჭის ასეთივე პროფილიან ნაშვერს ეყრდნობა. კომპოზიციას აგვირგვინებს კეხზე აღმართული ხის წიბოებჩამოთლილი, თავსა და ბოლოში პროფილირებული წამახვილებული ძელი შუაწელზე მიკრული ხის აჟურული დისკოთი. ამავე ფასადზე საყურადღებოა კედლის ზედაპირიდან ოდნავ ამოზიდული ფანჯრის ღიობების თლილი ქვის საპირეები. შედარებით მარტივი, ერთმანეთის პარალელური ჭვირული ელემენტებით დამუშავებული შეფიცვრა ავსებს მთავარი ფასადისკენ მიმართული გადახურვის შვერილ ქანობებს შორის შექმნილ ფრონტონს, რომელსაც ნაწილობრივ ფარავს ქუჩის მხრიდან მიშენებული ბლოკი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6282