აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 94)

არქიტექტურული ძეგლი

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. თარიღდება XIX საუკუნის დასასრულით. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX საუკუნის დასასრულსაა აგებული, აბასთუმნის ღირსშესანიშნავ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება. ზოგადად იგი ამ დასახლების ურბანულ თავისებურებათა ჩარჩოებში ექცევა, რაზეც მიუთითებს მასალის და სამშენებლო ხერხების ერთგვაროვნება, შენობის პროპორციები, განლაგება და სხვა. თუმცა, აშკარაა თავისებურებაც, რაც უპირველესად შიდა ეზოს ორგანიზაციაში მდგომარეობს. შენობა სამი მხრიდან უვლის სწორკუთხა მოხაზულობის შიდა ეზოს, მეოთხე მხარეს ბუნებრივი კლდეა აღმართული. ეზოში შესასვლელი გვირაბი, რომელიც შესანიშნავად ნაწყობი აგურის ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, შენობის ძირითადი ბლოკის გვერდზე, სიღრმეშია განთავსებული. ფრონტალურად გაშლილი ქუჩისპირა ფასადი აჟურული მოაჯირებით და სვეტისთავებით გაფორმებულ შუშაბანდს წარმოადგენს. ფასადზე ორი რიზალიტია გამოყოფილი. აღსანიშნავია შუშაბანდის კარგი პროპორციის მქონე, წიბოებჩამოთლილი სვეტები, რომელთა ქვედა ნაწილი ნაჭდევებითაა დანაწევრებული. ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ფიგურული სვეტისთავები. ეზოში მხოლოდ ნაწილობრივაა შემონახული ღია აივნის აჟურული დეტალები. მისი მოხარატებული მოაჯირისაგან მხოლოდ მცირე ნაწილია გადარჩენილი. ფასადს კიდეებში აუყვება მეორე სართულის აივანთან დამაკავშირებელი ორმარშიანი აჟურულმოაჯირიანი კიბე. შენობის გვერდითი კედლები უხეშად დამუშავებული ქვით ნაგებ სიბრტყეებს წარმოადგენს, რომელზეც სარკმელთა ღიობებია გაჭრილი. კუთხეებში გრძელ-მოკლედ ჩარიგებული თლილი ქვვებია დაწყობილი. ასეთივე წყობითაა გამოყოფილი ბრტყელი თაღით დასრულებული სარკმელთა ამყოლები. თაღის თავზე მარაოსებურადაა განლაგებული ვერტიკალურად დაწყობილი სწორკუთხა კვადრები. შენობის ეზო სახეცვლილია გვიანდელი უსახური მინაშენებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6219