აბანოს კოშკების კომპლექსი

აბანოს კოშკების კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ აბანოს განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრითა და XVII საუკუნის დასაწყისით. კომპლექსში შედის სამი კოშკი.

სამხრეთ-დასავლეთის კოშკი

რედაქტირება

სამხრეთ-დასავლეთის კოშკი (5,9x5,6 მეტრი) თავდაცვითია, ხუთსართულიანია (სიმაღლე 20 მეტრი) და ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადების ქვები ნაკლებადაა დამუშავებული. კარგად არის ამოყვანილი შენობის კუთხეები და კარის წირთხლები. კოშკს სახურავი აღარ აქვს. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. თაღოვანი კარი მიწიდან თითქმის 3 მეტრის სიმაღლეზეა. პირველი სართულის ნაწილი ამოვსებულია ქვებით. მეხუთე სართულის კედლებში სათოფურებია, რომელთა რაოდენობაც ქვემოდან ძემოთ მატულობს. პირველ სართულზე ოთხი სათოფურია, მეხუთეზე -- ათი. ზოგ სათოფურს ხუთი ხვრელი აქვს. სარკმლები მხოლოდ მეორე და მეოთხე სართულზეა. სართულშუა გადახურვები ხისაა. კოჭები (დიამეტრი 20-30 სანტიმეტრი) განლაგებულია ყოველ 60-80 სანტიმეტრზე. კოჭებზე გარდიგარდმო დაწყობილია ხის ღეროები (დიამეტრი 8-10 სანტიმეტრი). მათზე კი -- ქვის ბრრტყელი ფილები. ფილებზე დატკეპნილია თიხა. სართულები ერთმანეთს უკავშირდებოდა ხის მისადგმელი კიბით.

ჩრდილო-დასავლეთის კოშკი

რედაქტირება

ჩრდილო-დასავლეთის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6x8,7 მეტრი). ოთხსართულიანი (სიმაღლე 15 მეტრი). იგი საცხოვრებელიცაა და სათავდაცვოც. ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის სახურავი და სართულშუა ხის გადახურვები ჩანგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე. სარკმლები და სათოფურები ყველა სართულზეა. პირველი სართულის სათოფური ძალიან ვიწროა და შედარებით დაბლაა გაჭრილი. სათოფურების რაოდენობა ზემოთკენ მატულობს. თითოეულ სათოფურს რამდენიმე ვისწრო სათოფე ხვრელი აქვს. სარკმლები სწორკუთხაა, მცირე ზომის. ოთხივე სართულზე სარკმლები უშუალოდ ჭერქვეშაა გაჭრილი და ქვის ფილებით თარაზულადაა გადახურული. სარკმლების ძირი საფუხრებიანია. მეოთხე სართულს ოთხივე კედლის შუაში, თითო მაშიკულისებრი სწორკუთხა შვერილი აქვს. შვერილების იატაკში სამ-სამი ხვრელია (დიამეტრი 5-7 სანტიმეტრი), რომლებიც სთოფურებად გამოიყენებოდა.

კოშკის აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა კუტეში და დასავლეთის ფასადის მარჯვენა კუთხეში, თითო მოზრდილ ქვაზე, ამოჭრილია მარტივი ორნამენტი.

ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი

რედაქტირება

ჩრდილო-აღმოსასვლეთის კოშკიც გეგმით სწორკუთხაა, ისიც ნატეხი ქვითაა ნაგები. შემორჩენილია შენობის მხოლოდ პირველი სართული, რომელიც გადაკეთებულია საცხოვრებლად, შესასვლელი დასავლეთიდანაა, მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე. ოთხივე კედელში სათოფურებია.

ლიტერატურა

რედაქტირება