ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„Sins of a Solar Empire“ (ქართ. მზის იმპერიის ცოდვები) — რეალური დროის სტრატეგიის ჟანრის ვიდეო თამაში 4X-ის ელემენტებით. შემუშავებულია Ironclad Games-ის და გამოქვეყნებულია Stardock Entertainment-ის მიერ 2008 წელს. მეორე ნაწილის ანონსი შედგა 2022 წლის სექტემბერში[1].

Sins of a Solar Empire
დეველოპერ(ებ)ი Ironclad Games
გამომცემელი Stardok Entertainment
ძრავა Iron Engine
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი 4 თებერვალი, 2008
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
კომპოზიტორი პოლ შუეგრაფი
ვერსია 1.94
საიტი sinsofasolarempire.com

სიუჟეტი, როგორც ასეთი, თამაშში არ არსებობს. მოქმედება მიმდინარეობს დაუდგენელ დროს და ადგილას, ხოლო წინამორბედ მოვლენებზე ცნობილი ხდება თამაშის დასაწყისში მოთხრობილი ვიდეოკადრებით. ძირითადი ფრაქციებია ინდუსტრიული სავაჭრო საგანგებო კოალიცია, ფსიონიკური მომავალთა ერთობა და უცხოპლანეტელი ვასარები.

ვასარები

რედაქტირება

ათობით ათასი წლის წინ გალაქტიკის ცენტრის რეგიონში დომინირებდა ვასარების დესპოტური იმპერია, რომელიც დაინგრა ამოუცნობი მოვლენის შედეგად — კავშირი შეწყდა ცენტრალურ პლანეტებთან. სანამ დანარჩენები ცდილობდნენ მიზეზის გარკვევას, სიჩუმემ მოიცვა სხვა პლანეტებიც. სამხედრო ფლოტმა ბრმად შეუტია უხილავ მტერს, რომელიც იმპერიის შიდა სისტემებიდან გამოდიოდა და უკვალოდ გაქრა — მხოლოდ ერთ-ერთ სასაზღვრო კოლონიასთან გამოჩნდა დაზიანებული საბრძოლო ხომალდი, მისი ეკიპაჟი ჭკუიდან იყო შეშლილი. ვინც გაქცევა შეძლო, სანამ სიჩუმემ მათ პლანეტებამდე მიაღწია, დროთა განმავლობაში შექმნეს ლტოლვილთა ფლოტი, რომელიც უკვე ათი ათასი წელია გალაქტიკაში დახეტიალობს და გზად ტოვებს გამაფრთხილებელ შუქურებს. იგი დროებით ჩერდება შემხვედრ სისტემებში მარაგების შესავსებად, რომ გააგრძელოს გზა, მაგრამ უკან დატოვებული შუქურები დროთა განმავლობაში აუცილებლად დუმდებიან — უცნობი მტერი, რომელმაც გაანადგურა ვასარების იმპერია, დღემდე მიჰყვება მათ კვალს.

საგანგებო სავაჭრო კოალიცია

რედაქტირება

ათი ათასი წლის შემდეგ, ადამიანებით დასახლებული კოსმოსის ერთ-ერთ რეგიონში, რომელიც მრავალრიცხოვანი ომების შედეგად ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელ და იზოლირებულ კოლონიებად დაიშალა, გავლენა მოიპოვა სავაჭრო ორდენმა, რომელმაც მრავალი პლანეტა გააერთიანა. ორდენის წევრ ყოველ პლანეტას საკუთარი თვითმმართველობა, კულტურა და იდეოლოგია ჰქონდა, მაგრამ სხვა პლანეტებთან ურთიერთობაში ემორჩილებოდა ორდენის მკაცრ წესდებებს. ათასი წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევდა, ომის შესახებ ცოდნის მიღება შეიძლებოდა მხოლოდ მუზეუმებში და ისტორიულ ქრონიკებში, ხოლო კონფლიქტები წყდებოდა სავაჭრო გარიგებებისა და ემბარგოების საშუალებით. მაღალი ინდუსტრიალიზაციისა და სავაჭრო გარიგებების წყალობით ორდენმა აუწერელი სიმდიდრე დააგროვა.

მომავალთა ერთობა

რედაქტირება

სავაჭრო ორდენის არსებობის დასაწყისში, როდესაც იგი აერთიანებდა გარშემორტყმულ პლანეტებს, დასახლებული კოსმოსის განაპირა რეგიონებში აღმოაჩინეს იზოლირებული კოლონია, რომლის მოსახლეობა აქტიურად იყენებდა ისეთ კიბერნეტიკულ და გენურ ტექნოლოგიებს, რომლებიც ორდენის წესდებით დაუშვებელი იყო. ამ ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობაში განვითარდა უცნაური კოლექტივიზმის გრძნობა, რაც შემდგომში ტელეპათიაში და სხვა ფსიონიკურ შესაძლებლობებში გადაიზარდა. ორდენმა გამოიყენა ხელთარსებული სამხედრო ძალები და ეს ხალხი გამოუსწავლელ კოსმოსში, თავისი რეგიონებიდან შორს, განდევნა. ასეთმა უხეშმა მოპყრობამ მათ კოლექტიურ ფსიქიკაზე დატოვა რისხვის მქონე ანაბეჭდი, რაც შემდგომ თაობებსაც გადაეცათ — სიძულვილი სავაჭრო ორდენის მიმართ და შურისძიების დაუოკებელი წყურვილი. შემდგომი ათასი წლის განმავლობაში ისინი ძლიერდებოდნენ, ქმნიდნენ ახალ ტექნოლოგიებს და ავითარებდნენ საკუთარ ფსიონიკურ უნარებს, რომ შური ეძიათ თავიანთი წინაპრების უსამართლო განდევნისთვის. მათი კოლექტიური ფსიქიკა გახდა ერთობა, რომელმაც მათ სოციუმში საკრალური მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო საკუთარ თავს უწოდებენ მომავალთ.

სავაჭრო ორდენის ათასწლიანი მშვიდობიანი არსებობა დასრულდა, როდესაც მათ რეგიონში შეიჭრა ვასარების ლტოლვილთა ფლოტი. ვასარებმა გზად შემხვედრი დაუცველი პლანეტები თვალის დახამხამებაში დაიპყრეს, ხოლო მათი მოსახლეობა დაიმონეს. პასუხად ორდენმა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სიმდიდრე გამოიყენა სრული მილიტარიზაციისთვის და ოფიციალურად გარდაიქმნა სავაჭრო საგანგებო კოალიციად. კოალიციამ მაღალინდუსტრიული პლანეტების საშუალებით დაიწყო სამხედრო ხომალდებისა და იარაღის მასშტაბური წარმოება უცხოპლანეტელი დამპყრობლების განსადევნად. ვასარები ტექნოლოგიურად ბევრად აღემატებოდნენ ადამიანებს, მაგრამ შემდგომი წლების განმავლობაში კოალიციამ მათი შემოსევა მოიგერია და თავად გადავიდა შეტევაზე. თუმცა, ვასარების შემოსევიდან ათი წლის შემდეგ, კოალიციას ზურგში დაარტყა მომავალთა ერთობამ. საბოლოო ჯამში ომი სამმხრივი გახდა — მომავალნი ესწრაფვოდნენ კოალიციის განადგურებას შურისძიებისთვის, კოალიცია ცდილობდა კონტროლქვეშა პლანეტების გამაგრებას იმ იმედით, რომ მტრები გამოიფიტებიან და იძულებულნი გახდებიან მშვიდობას დათანხმდნენ, ხოლო ვასარები ცდილობდნენ რესურსების მარაგების შევსებას და გზის გაგრძელებას იდუმალი მტრის გამოჩენამდე. შემდგომი ათწლეულების განმავლობაში სამივე მხარე მრავალ მეთოდს იყენებდა ომის დასასრულებლად, მაგრამ ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, ომის დაწყებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, მოხდა აჯანყება — სამივე მეომარ მხარეს გამოეყო მეამბოხეთა ფრაქცია, რომელიც მიზნების მიღწევას საკუთარი გზებით ესწრაფვოდა. კოალიციის მეამბოხეები უკმაყოფილონი იყვნენ მისი თავდაცვითი ომის სტრატეგიით და ეწრაფვოდნენ მტრების განადგურებას ტოტალური ომის საშუალებით, მომავალთა მეამბოხეებში გავრცელდა მოსაზრება, რომ მათმა შურისძიების წყურვილმა შებილწა ერთობა და საჭიროა მისი განწმენდა, რამაც მასშტაბური შინა ომი გამოიწვია, ხოლო ვასარების მეამბოხეებმა ჩათვალეს, რომ იდუმალი მტრის მოსვლამდე საჭიროა ადამიანებთან მოლაპარაკება და, თუ შესაძლებელი გახდება, მათი თან წაყვანა.

გეიმპლეი

რედაქტირება

თამაშის ყოველ პარტიაში მიზანს წარმოადგენს რომელიმე გზით გამარჯვების მიღწევა სტრატეგიულ რუკაზე. რუკა წარმოადგენს ძალზე გამარტივებულ პლანეტურ სისტემას (თუმცა ასტრონომიულად არასწორს), სადაც ყოველი პლანეტა დაკავშირებულია სხვებთან ე.წ. ფაზური გზებით, რაც ზესინათლური გადაადგილების საშუალებას იძლევა. კერძოდ ვასარებს შეუძლიათ ფაზური კარიბჭეების მშენებლობა, რაც მათ საშუალებას აძლევს იმოძრაონ ფაზური გზების გვერდის ავლით. სხვადასხვა სახის პლანეტები მფლობელებს სხვადასხვა სახის ბონუსებს აძლევენ, რომელთა შორის ასევე შეიძლება იყოს უნიკალური არტეფაქტები. მოთამაშის მიზანია რესურსების შეგროვება, სამხედრო ფლოტების მშენებლობა და მტრის ტერიტორიების დაკავება და თავისის დაცვა. რესურსების სახით თამაშში გვხვდება კრედიტები, ლითონები და კრისტალები.

გათვალისწინებულია მხოლოდ კოსმოსური ბრძოლები, პლანეტების დაპყრობა შემოიფარგლება მათი ორბიტული დაბომბვით დასახლებების განადგურებამდე და შემდეგ საკუთარი კოლონიური ხომალდებით დასახლება. მოცემულია კოსმოსური ხომალდების მრავალფეროვანი კლასიფიკაცია, მათ შორის განსაკუთრებული ადგილები უკავიათ მძიმე ფლაგმანურ ხომალდებს (აქვთ მძლავრი უნიკალური შესაძლებლობები და მათი რაოდენობა შეზღუდულია) და ზემძიმე ტიტანებს (შესაძლებელია მხოლოდ ერთის აშენება). ყოველი მხარისთვის მოცემულია უნიკალური ტექნოლოგიური ხე, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის მრავალი მახასიათებლის გაუმჯობესებას და მაღალტექნოლოგიური ნაგებობებისა და ხომალდების მშენებლობას.

ყოველი პლანეტისთვის გათვალისწინებულია გრავიტაციული ველი, რომლის ფარგლებშიც, — პლანეტის, ტექნოლოგიებისა და არსებული ნაგებობების მიხედვით, — ყოველი ხომალდი ღებულობს გარკვეულ ბონუსებს, დადებითს ან უარყოფითს, ხოლო ფაზური ნახტომის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ველის კიდეებთან. მაგალითად, თუ პლანეტა წარმოადგენს აიროვან გიგანტს, მის სიახლოვეს აფეთქებული ხომალდი დააზიანებს მეზობელ გემებსაც. პლანეტის მიმდებარე სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობა, ვარსკვლავური ბაზებით და თავდაცვითი პლატფორმებით დაწყებული და ნავსაშენებითა და ლაბორატორიებით დასრულებული. ფაზური გზები ასევე შეიძლება მიმართული იყოს ისეთი ანომალიებისკენ, როგორიცაა ნისლეულები, ასტეროიდების გროვები, ჭიახვრელები და ანტიმატერიის წყაროები, რომლებიც გარშემორტყმულ მიდამოში გარკვეულ ბონუსებს ავრცელებენ (ჭიახვრელით ასევე შესაძლებელია ფაზური გზის გვერდის ავლით რუკის სხვა მხარეს მოხვედრა). რუკის ცენტრს ყოველთვის წარმოადგენს ვარსკვლავი. თუ რუკაზე მოცემულია რამდენიმე ვარსკვლავი, მათ შორის ფაზური მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ თავად ვარსკვლავების მიდამოებიდან.

დამატებები

რედაქტირება

2009 წლის 25 თებერვალს გამოვიდა მცირე დამატება Entrenchment (სანგრები), რომელმაც დაამატა ფორტიფიკაციული ნაგებობები, ახალი სამშენებლო ხომალდები და გარკვეულწილად შეცვალა ტექნოლოგიური ხე.

2010 წლის 9 თებერვალს გამოვიდა Diplomacy (დიპლომატია), რომელმაც ფრაქციებს მოლაპარაკებების წარმოების საშუალება მისცა. შესაძლებელი გახდა კავშირების შექმნა და მეკობრეების მოსყიდვა მეტოქეებზე რეიდებისთვის. გამრავალფეროვნდა დიპლომატიასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები.

2012 წლის 12 ივნისს გამოვიდა დამოუკიდებელი Rebellion (აჯანყება). ყოველი ფრაქცია დაიყო ორ, ლოიალისტურ და მეამბოხე, ქვეფრაქციებად თავიანთი ოდნავ განსხვავებული ხომალდებით, ტექნოლოგიებით და ბონუსებით, დაემატა კორვეტები, ტიტანები და ახალი სახაზო ხომალდები. ასევე განახლდა მრავალი ხომალდისა და ნაგებობის გარეგნული სახე. ყოველი შემდგომი დამატება გათვალისწინებულია მხოლოდ Rebellion-ისთვის.

2013 წლის 5 ივნისს გამოვიდა Forbidden Worlds (აკრძალული მსოფლიოები). დაემატა ახალი ტიპის პლანეტები და კოლონიზაციის შესაძლებლობები. 6 ნოემბერს გამოვიდა Stellar Phenomena (ვარსკვლავური ფენომენები), რომელმაც დაამატა შავი ხვრელები, პულსარები, ნეიტრონული ვარსკვლავები და მოძრავი სტიქიური მოვლენები, მაგალითად, კორონარული ამოფრქვევები. 2016 წლის 22 ივნისს გამოვიდა Outlaw Sectors (ავაზაკთა სექტორები), რომელმაც გაამრავალფეროვნა მეკობრეების, შავი ბაზრის და სახალხო მილიციის მოქმედებები რუკაზე.

კრიტიკოსების შეფასება

რედაქტირება
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 87.8% (45 reviews)[2]
Metacritic 87% (52 reviews)[3]
ქულები
წყარო რეიტინგი
Edge 8/10[4]
Game Informer 9/10[5]
GameSpot 9/10[6]
GameSpy 4.5/5[7]
GamesRadar 9/10[8]
IGN 8.9/10[9]
PC Gamer (UK) 84%[10]

„Sins of a Solar Empire“ მიიღო ძირითადად დადებითი შეფასებები. IGN-მა იგი შეაფასა 8,9 ქულით[11], GameRankings-მა 87,52%-ით[12], ხოლო Metacritic-მა — 87% კრიტიკოსების შეფასებით და 8,2 მომხმარებელთა მხრიდან[13].

ძირითადი შექება დაიმსახურა თამაშში რეალური დროის სტრატეგიისა და 4X-ის მექანიკების ორგანულ შეთავსებამ, გამოსახულების თანაბრად ცვლილების ფუნქციამ და მოთამაშეებისთვის მარტივმა ტექნოლოგიების ხემ და ინტერფეისმა. თამაშის დადებით თვისებებს შორის ასევე აღნიშნეს ის, რომ იგი განკუთვნილი იყო როგორც ძველი, ასევე იმ დროისთვის ახალი კომპიუტერებისთვის. ძირითადი კრიტიკა მიმართული იყო ერთმოთამაშიან რეჟიმში კამპანიის არქონის და მრავალმოთამაშიანში თამაშის შემთხვევითი გათიშვის მიმართ, უკანასკნელი შედარებით გამოსწორდა 1.03 განახლების შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sins of a Solar Empire II.
  2. Sins of a Solar Empire reviews at GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2019. ციტირების თარიღი: June 13, 2009.
  3. Sins of a Solar Empire Review. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 28, 2012. ციტირების თარიღი: June 13, 2009.
  4. Edge staff (April 2008). „Sins of a Solar Empire Review“. Edge (187): 94.
  5. Biessener, Adam. Sins of a Solar Empire review at Game Informer. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 2, 2008. ციტირების თარიღი: June 13, 2009.
  6. Ocampo, Jason. (February 13, 2008) Sins of a Solar Empire Review. GameSpot. ციტირების თარიღი: June 7, 2009.
  7. Rausch, Allen. (February 8, 2008) Sins of a Solar Empire Review - GameSpy. GameSpy. ციტირების თარიღი: June 7, 2009.
  8. Stapleton, Dan. Sins of a Solar Empire Review – GamesRadar. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 15, 2012. ციტირების თარიღი: June 7, 2009.
  9. Butts, Steve. (February 15, 2008) Sins of a Solar Empire Review. IGN. ციტირების თარიღი: June 13, 2009.
  10. Francis, Tom. (March 21, 2008) PC Review: Sins of a Solar Empire. PC Gamer UK. ციტირების თარიღი: June 13, 2009.
  11. SINS OF A SOLAR EMPIRE REVIEW.
  12. Sins of a Solar Empire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-17. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  13. Sins of a Solar Empire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-29. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Sins_of_a_Solar_Empire“-დან