Oasis
Oasis — ინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული მანჩესტერში 1991 წელს. იგი წარმოიშვა მანამდე არსებული The Rain-იდან. შემადგენლობაში შედიოდნენ: ლიამ გალაგერი (ვოკალი, დაირა), პოლ ართურსი (გიტარა), პოლ მაკ-გიგენი (ბას-გიტარა) და ტონი მაკ-კეროლი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია). მოგვიანებით, მეხუთე წევრის სახით მათ შეუერთდა ლიამის უფროსი ძმა ნოელ გალაგერი (წამყვანი გიტარა და ვოკალი). ასეთი სახით ჯგუფმა საკუთარი თავი 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა.
Oasis | |
---|---|
ვოკალისტი ლიამ გალაგერი და გიტარისტი ნოელ გალაგერი სან-დიეგოში კალიფორნია, 2005 წლის 18 სექტემბერი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | მანჩესტერი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ბრიტპოპი, როკი, ალტერნატიული როკი |
აქტიური | 1991–2009 |
ლეიბლ(ებ)ი | Creation, Epic, Columbia, Sony Music, Big Brother, Reprise |
ყოფილი წევრები |
ლიამ გალაგერი ნოელ გალაგერი გემ არჩერი ენდი ბელი ზეკ სტარკი ალან უაიტი პოლ მაკ-გიგენი პოლ ართურსი ტონი მაკ-კეროლი |
საიტი | oasisinet.com |
Oasis ვიკისაწყობში |
1993 წელს ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი Creation Records-თან და გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი Definitely Maybe (1994). შემდეგ წელს გამოვიდა (What's the Story) Morning Glory? (1995), ახალი დრამერის, ალან უაიტის მონაწილეობით, რაც დაემთხვა ჩარტებში კონკურენციას ისეთ ჯგუფთან, როგორიც იყო ბრიტპოპის ტალღის კიდევ ერთი წარმომადგენელი Blur. ძმები გალაგერები ხშირად ჩნდებოდნენ ტაბლოიდურ გამოცემებში ერთნაირი იმიჯებისა და ცხოვრების შეშლილი სტილის გამო. 1997 წელს Oasis-მა გამოუშვა მესამე ალბომი Be Here Now (1997). მიუხედავად იმისა, რომ იგი იქცა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად, იგი ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა. ჯგუფიდან 1999 წელს წავიდნენ მაკ-გიგენი და ართურსი. Oasis-მა ჩაწერა ახალი ალბომი, Standing on the Shoulder of Giants (2000). ორ წასულ მუსიკოსს ტურნეს მსვლელობისას ჩაენაცვლნენ გემ არჩერი და ენდი ბელი. ტურნემ ზომიერი წარმატება იქონია. მეხუთე ალბომ Heathen Chemistry-ში (2002) მოხდა ნოელ გალაგერის, როგორც სიმღერების ავტორის, შემოქმედებითი როლის ზრდა. ამრიგად, სიმღერების ავტორი ან თანაავტორი ჯგუფის ყველა წევრი იყო, რასაც მოჰყვა უფრო მშვიდი ხმისჩამწერი სესიებიც. 2004 წელს მათ შეუერთდა The Who-ს ზეკ სტარკი, რომელმაც დასარტყმელი საკრავებზე ალან უაიტი ჩაანაცვლა. ჯგუფის წარმატებამ და პოპულარობამ კვლავ იმატა Don't Believe the Truth-ით (2005).[1]
2008 წელს ალბომის Dig Out Your Soul ჩაწერის შემდეგ სტარკიმ ჯგუფი დატოვა. მას Oasis-ის უკანასკნელი ტურნეს დროს ჩაენაცვლა კრის შეროკი. ძმებს შორის მზარდმა დაძაბულობამ გამოიწვია ნოელ გალაგერის 2009 წლის აგვისტოში ჯგუფიდან წასვლა - მას შემდეგ, რაც ლიამთან კულისებს მიღმა კამათი მოუვიდა.[2][3][4] დარჩენილმა შემადგენლობამ შეიცვალა სახელი Beady Eye-თი[5], განაგრძო მუშაობა და, 2014 წელს დაშლამდე, გამოსცა ორი სტუდიური ალბომი. ნოელ გალაგერმა ჩამოაყალიბა საკუთარი პროექტი Noel Gallagher's High Flying Birds.
Oasis-ს ბრიტანეთში აქვს რვა #1 სინგლი და 8 #1 ალბომი. მათ მიღებული აქვთ NME-ის 15 ჯილდო, Q-ს ცხრა ჯილდო, ოთხი ჯილდო MTV ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე და ექვსი Brit, აქედან ერთ-ერთი - მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. BBC Radio 2-ის მსმენელების გამოკითხვის საფუძველზე მას მიენიჭა ჯილდო უკანასკნელი 30 წლის საუკეთესო ალბომისთვის. გრემიზე ჯგუფი სამჯერ იყო წარდგენილი. 2009 წლისთვის მან მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონამდე ჩანაწერი გაყიდა.[6] გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში Oasis 2010 წელს იქნა შეტანილი, როგორც „ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში ყველაზე ხანგრძლივი მონაწილეობა ჯგუფის მიერ“ - მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ჩარტში ზედიზედ ჰიტად იქცა მისი 22 სიმღერა.[7] Oasis კვლავაც გინესის მსოფლიო რეკორდსმენია, როგორც ბრიტანეთში 1995-2005 წლებში ყველაზე წარმატებული ჯგუფი. საერთო ჯამში, მას ადგილები საუკეთესო 75 სინგლისა და ალბომების სიებში 765 კვირის განმავლობაში ეკავა.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Definitely Maybe (1994)
- (What's the Story) Morning Glory? (1995)
- Be Here Now (1997)
- Standing on the Shoulder of Giants (2000)
- Heathen Chemistry (2002)
- Don't Believe the Truth (2005)
- Dig Out Your Soul (2008)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Oasis“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- Oasis Facebook-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Oasis top best British album poll“. BBC News. 18 February 2008. ციტირების თარიღი: 21 February 2009.
- ↑ „Oasis split as Noel quits group“. BBC News. 29 August 2009.
- ↑ „Oasis annule son concert à Rock-en-Seine et se sépare“. Le Parisien. France. 29 August 2009. ციტირების თარიღი: 29 August 2009.
- ↑ „Oasis annonce la fin du groupe rock“. Ouest France. 29 August 2009. ციტირების თარიღი: 29 August 2009.
- ↑ Oasis – Liam Gallagher renames Oasis. Contactmusic.com (5 February 2010). ციტირების თარიღი: 7 February 2011.
- ↑ Some might say Oasis are still world beaters after Slane gig. The Belfast Telegraph (22 June 2009). ციტირების თარიღი: 4 May 2010.
- ↑ Oasis, Coldplay & Take That enter Guinness World Records 2010 Book – Guinness World Records Blog post. Community.guinnessworldrecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 23 June 2010.