Mac (კომპიუტერი)

(გადამისამართდა გვერდიდან Macintosh)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაკინტოში.

Macintosh, იგივე MacApple Inc.-ის მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერების სერია. ნაწარმის ამ სერიაში შედის ლეპტოპები MacBook Air და MacBook Pro, ისევე, როგორც სტაციონარული iMac, Mac Mini, Mac Studio და Mac Pro. Mac-ები ვრცელდება ოპერაციულ სისტემა macOS-ით.

MacBook Air, Apple-ის Mac-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი

სერიის პირველი კომპიუტერი თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. Apple იმავე დროს განაგრძობდა ოჯახ Apple II-ის კომპიუტერთა გაყიდვას Mac-ების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ ყველა Apple Mac-ის ოჯახისა გახდა.

თანამედროვე Mac-ები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყებული ბიუჯეტური Mac Mini საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. Mac-ის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ბოლო დროს ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ Apple-მა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.

თავდაპირველი Mac-ის ოპერაციული სისტემა პირველი Mac-ის გამოშვებიდან მოყოლებული გამოიყენება, თუმცა მან დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. 1999 წელს Apple-ის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კლასიკურ macOSს-ს აკლდა თანამედროვე კომპონენტები და გამოუშვა იუნიქსის (Unix) ბაზაზე დამუშავებული macOS X, რომელიც გაცილებით სტაბილური სისტემა გახდა, თუმცა ამასთან კვლავ შესაძლებელი იყო კლასიკის აპლიკაციების გამოყენება ჩაშენებული კლასიკთან თავსებადი ინტერფეისის შრით. macOS X-ის თანამედროვე ვერსიაა v10.7 (ლომი), რომელიც ყველა ახალ Macintosh-ს მოჰყვება როგორც სტანდარტული ოპერაციული სისტემა (Xserve macOS X Server-ის ვარიანტზეა). Mac-ის სრულყოფისათვის Apple-მა დამატებით გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფა - ციფრული მედია-აპლიკაციების მთელი სერია - iLife (აი-ლაიფ) პაკეტი, iWork (აი-ვორკ) პაკეტი და პროფესიული შემოქმედებითი ბაზრისთვის განკუთვნილი Final Cut Pro, Shake და Aperture პროგრამები.

ნაწარმის სია

რედაქტირება
Mac-ის ამჟამად წარმოებული მოდელები[1][2]
გამოსვლის თარიღი მოდელი პროცესორი
10 ნოემბერი, 2020 MacBook Air (M1, 2020) Apple M1
15 ივლისი, 2022 MacBook Air (M2, 2022) Apple M2
24 იანვარი, 2023 Mac Mini (2023) Apple M2 ან M2 Pro
13 ივნისი, 2023 MacBook Air (15 დუიმიანი, M2, 2023) Apple M2
Mac Studio (2023) Apple M2 Max ან M2 Ultra
Mac Pro (2023) Apple M2 Ultra
7 ნოემბერი, 2023 iMac (24-inch, 2023) Apple M3
MacBook Pro (14 დუიმიანი, ნოემბერი, 2023) Apple M3, M3 Pro ან M3 Max
MacBook Pro (16 დუიმიანი, ნოემბერი, 2023) Apple M3 Pro ან M3 Max

Mac-ის პროექტი 1979 წლის გაზაფხულზე დაიწყო Apple-ის თანამშრომელი ჯეფ რასკინის მიერ, რომელსაც წარმოსახული ჰქონდა ადვილად გამოყენებადი, დაბალ-ფასიანი კომპიუტერის შექმნა საშუალო მომხმარებლისთვის. 1979 წლის სექტემბერში რასკინს ნება დართეს პროექტისთვის გუნდი აეყვანა. რასკინს სჭირდებოდა ინჟინერი, რომელიც პროტოტიპის აწყობას შეძლებდა. ბილ ატკინსონი, ლიზას გუნდის წევრი (რომელიც ასევე მუშაობდა მსგავსი ჰაი-ენდ კომპიუტერის შექმნაზე) აცნობს მას ბერელ სმითს, სერვის ტექნიკოსს, რომელიც იმ წელს იყო კომპანიაში მოსული. რამდენიმე წელიწადში რასკინმა დიდი სამუშაო გუნდი შექმნა, რომელმაც დააპროექტა და ააწყო პირველი Mac-ის ფუნქციონირებისათის საჭირო მასალები და პროგრამული უზრუნველყოფა. რასკინის, ატკინსონისა და სმითის გარდა ჯგუფში იყვნენ კრის ესპინოზა, ჯოანა ჰოფმანი, ჯორჯ კროუ, ჯერი მანოკი, სუზან კეა და ენდი ჰერცფელდი.[3]

 
Macintosh 128k - პირველი Macintosh, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.

სმითის პირველი Macintosh ჯეფ რასკინის სპეციფიკაციებით დამზადდა: 64 კბ ოპერატიული მეხსიერება, მოტოროლას 6809E მიკროპროცესორი, 256x256 პიქსელიანი შავ-თეთრი ეკრანი. ბად ტრიბლი, Mac-ის პროგრამისტი, დაინტერესდა Macintosh-ზე ლიზას გრაფიკული პროგრამების თავსებადობით და სთხოვა სმითს თუ შესაძლებელი იქნებოდა ლიზას მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის დამონტაჟება ისე, რომ Mac-ის წარმოების ღირებულება არ გაზრდილიყო. 1980 წლის დეკემბერში სმითი ახერხებს Mac-ის არქიტექტურის შეცვლას ისე, რომ მასზე მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის არა მხოლოდ დამონტაჟება, არემედ 5–დან 8 მეგაჰერცამდე აჩქარებაც შესაძლებელი ხდება. მსგავს არქიტექტურას უკვე 384x256 პიქსელიანი შავ–თეთრი ეკრანის მხარდაჭერაც შეეძლო. სმითის დიზაინი უფრო ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას საჭიროებდა ვიდრე ლიზასი და ამგვარად, წარმოება უფრო ეკონომიური გახდა. Mac-ის საბოლოო დიზაინი თვითმყოფადი იყო და გაცილებით მეტი საპროგრამო კოდი ჰქონდა წაკითხვად მეხსიერებაზე (ROM), ვიდრე ნებისმიერ სხვა კომპიუტერს. მას ასევე გააჩნდა 128 კბ ოპერატიული მეხსიერება (მაქსიმალური).

ინოვაციურმა დიზაინმა სტივ ჯობსის, Apple-ის თანადამფუძნებლის, ყურადღება მიიპყრო. მიხვდა რა, რომ Macintosh ლიზაზე უფრო გაყიდვადი იქნებოდა, მან ყურადღება მთლიანად ამ პროექტზე გადაიტანა. 1981 წელს ჯობსთან პირადი კონფლიქტის გამო რასკინი ტოვებს Mac-ის პროექტს და საბოლოო Mac-ის დიზაინი უფრო ჯობსის იდეათა განხორციელება უნდა იყოს ვიდრე რასკინის.

გაიგო რა ქსეროქსის მიერ დამუშავებული გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის პიონერული ტექნოლოგიის შესახებ, ჯობსი გამოგონებას Apple-ის აქციებზე ოპციების გაცვლის ხარჯზე იძენს. შესაბამისად ლიზასა და Mac-ის მომხმარებლის ინტერფეისი ქსეროქსის საწყის დიზაინზეა დამუშავებული. ჯობსი ასევე იყვანს დიზაინერ ჰერმუტ ელინგერს Mac-ის ხაზზე სამუშაოდ, რისი შედეგიც Macintosh-ების თოვლივით თეთრი დიზაინი გახდა, რომელიც Apple-ის კომპიუტერების შუა 1980-იანებიდან მოყოლებული ხელწერა გახდა. მიუხედავად ამისა ჯობსის ლიდერობა Mac-ის პროექტზე ხანმოკლე გამოდგა. Apple-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯონ სკალთან, შიდა უთანხმოების გამო ჯობსი 1985 წელს გადადგა. მან მალევე საკუთარი კომპანია ნექსტი (NeXT) დააფუძნა და Apple-ში 1997 წლამდე არ დაბრუნებულა.

პირველი Mac-ის გამოჩენა ბაზარზე 1984 წლის 22 იანვარს სუპერ-ბოულის (Super Bowl) დროს გაშვებულ ამჟამად უკვე განთქმული რიდლი სკოტის შენიღბული სარეკლამო რგოლით მოხდა. თავად Mac ოფიციალურად 24 იანვარს გამოვიდა გასაყიდი ფასით $2.495 (დღევანდელი ფასებით ~$6.000).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Apple – Support – Technical Specifications. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი, 2022
  2. Apple – Support – Technical Specifications. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი, 2022
  3. Hertzfeld, Andy (2005). Revolution in the Valley: The Insanely Great Story of How the MAC was Made. Oreilly, გვ. xxi-xxiv.