ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბანდა Forty Elephants (ქართ. ორმოცი სპილო, ასევე ცნობილია, როგორც Forty Thieves  (ქართ.  ორმოცი ქურდი)) — ქალთა დანაშაულებრივი სინდიკატი  დიდ ბრიტანეთში, რომელიც  ძირითადად მაღაზიების ძარცვით  იყო დაკავებული.  ბანდა მოქმედებდა  ხანგრძლივი დროის განმავლობაში  (მე-19 და მე-20 საუკუნეებში)  და ახერხებდა პოლიციისგან თავის დაღწევას.[1]

Forty Elephants

სიმბოლო რაიონისა Elephant and Castle, სადაც ბანდა მოქმედებდა
დაარსდა XIX საუკუნის ბოლოს
დაარსების ადგილი Elephant and Castle District, ლონდონის დასავლეთი ნაწილი, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობის პერიოდი დაახლ. 18731950
ეთნიკურობა ინგლისელები
წევრობა 70
ლიდერი ელის დაიმონდი
კრიმინალური საქმიანობა მაღაზიების ძარცვა

ქურდი ქალების დანაშაულებრივი ჯგუფი მაღაზიებს ძირითადად  ლონდონის ცენტრალურ   Elephant and Castle უბანში ქურდავდა. არსებობდა მინიმუმ 1873 წლიდან 1950 წლამდე. ბანდის წევრები კავშირში იყვნენ  ქუჩის  ბანდასთან ( Elephant and Castle Mob), რომელსაც მეთაურობდნენ ძმები მაკდონალდები. დაჯგუფება თავიდან ლონდონის ძვირადღირებულ მაღაზიებს ძარცვავდა, შემდეგ ინგლისის სხვა ქალაქებში გააგრძელა კრიმინალური საქმიანობა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბანდას ხელმძღვანელობდა ელის დაიმონდი, რომელიც ცნობილი იყო  როგორც Queen of the Forty Thieves და Diamond Annie (იგი გახლდათ განგსტერ ბილი ჰილის დის, მეგი ჰილის მეგობარი).

ბანდის „ოქროს ხანა“ ომების შუალედს დაემთხვა (პირველი და მეორე მსოფლიო ომები), როდესაც მისმა წევრებმა დაარბიეს დიდი სავაჭრო ცენტრები არა მხოლოდ ლონდონში, არამედ მთელ ქვეყანაში. ბანდის შიგნით არსებობდა წესები მისი წევრების ერთგულებასა და ნაძარცვის განაწილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფების სახელი იყო  Forty Elephants  —"ორმოცი სპილო", გამოვლენილი იქნა  ბანდის სამოცდაათზე მეტი წევრი, რომელიც მოქმედებდა 1920-1930-იან წლებში. ცნობები იმის შესახებ, რომ ბანდა დაიშალა, როდესაც 1925 წელს  მისი  ლიდერები დააპატიმრეს, არასწორია  —  მან განაგრძო მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც.[2]

ბანდის მოქმედების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ინფორმაცია გაზეთებში მის შესახებ 1873 წლით თარიღდება. ლონდონის პოლიციის ჩანაწერები მიუთითებს, რომ ქურდი ქალები აქტიურობდნენ ქალაქში მე-18 საუკუნის ბოლოდან. ბანდის წევრების სამოსს კალთის ქვეშ ფარული ჯიბეები ჰქონდა დატანებული, ასევე ქალები   ატარებდნენ დიდ პანტალონებს.  სავარაუდოდ, სამართალდამცავებს თვალში არ მოსდიოდათ  მათი საეჭვო ჩაცმულობა, მაგრამ ქალბატონების ჩხრეკა აკრძალული იყო. მათ შეეძლოთ თავიანთი ნაძრცვის დამალვა ქურთუკებში, მუფთებში,  ბოლოკაბებსა და ქუდებში. ხანდახან პირდაპირ  არბევდნენ  რამდენიმე შესასვლელის მქონე  დიდ მაღაზიებს, რომლებიც ვაჭრობდნენ ძვირადღირებული ნივთებით და ძვირფასეულობით, ამტვრევდნენ მაღაზიის ვიტრინებს,  იტაცებდნენ  ძვირფასეულობას,  მანეკენებიდან ხსნიდნენ ძვირადღირებულ კაბებს .[3]

ბანდის წევრების მიერ  მოპარული საქონლის ღირებულება  ათასობით ფუნტს აღემატებოდა. მათ საკმარისი შესაძლებლობა გააჩნდათ მეუღლეების ფინანსური მხარდაჭერისთვის. მე-20 საუკუნეში  შეიძინეს მანქანები ნადავლის გადასატანად  და პოლიციის დევნისგან  თავის დასაღწევად. ტრადიციული მაღაზიების გაქურდვის გარდა, დანაშაულებრივმა სინდიკატმა  გააფართოვა  საქმიანობა: ქალები  ძარცვავდნენ სახლებს, აშანტაჟებდნენ ხალხს. კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყენებდნენ ყალბ სარეკომენდაციო წერილებს, რათა მდიდარ ოჯახებში მოახლეებად  დაეწყოთ მუშაობა. შემდეგ კი დამსაქმებელთა სახლებს ძარცვავდნენ. ისინი ასევე დაკავებულები იყვნენ მამაკაცების ცდუნებით,  რომლებსაც აშანტაჟებდნენ რეპუტაციის შელახვის მუქარით.[4]

ბანდის ზოგიერთ წევრს დროდადრო აპატიმრებდნენ, მაგრამ მათი პატიმრობა ჩვეულებრივ ხანმოკლე იყო. სასჯელი შემოიფარგლებოდა 12 თვიანი მძიმე შრომით ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთით. გათავისუფლების შემდეგ კვლავ ბრუნდებოდნენ ბანდაში. მიუხედავად იმისა, რომ  დაჯგუფების წევრები დაკავებულები იყვნენ  ტანსაცმლის და ნივთების ქურდობით, თავად არ ატარებდნენ  ნაძარცვ საქონელს, არამედ ყიდდნენ ქუჩის მოვაჭრეებზე  ან ლომბარდებში მიჰქონდათ.  ტანსაცმლის ნაწილს  მაღაზიებში აბარებდნენ, რომლებიც ეტიკეტებს უცვლიდნენ და ისე  ყიდდნენ.  პოლიცია ზოგჯერ გადამყიდველებსაც  აკავებდა, მაგრამ ნაფიცი მსაჯულები მათ ხშირად ამართლებდნენ  არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brian McDonald: Alice Diamond and the Forty Elephants. The Female Gang That Terrorised London. Milo Books 2015, ISBN 978-1-908479-84-6.
  • Lorraine Gamman: Gone Shopping. The Story of Shirley Pitts – Queen of Thieves. Bloomsbury Academic, London 2013, ISBN 978-1-4482-1353-5.
  1. Amelia Hill (27 December 2010). "Girl gang's grip on London underworld revealed". The Guardian.
  2. Capstick, J., Given in Evidence, (London, 1960), chapter 9.
  3. Банда 40 слонов. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2019. დაარქივებულია 25 ივლისი 2019 .
  4. Freuynde + Gaesdte > Konferenz der Diebinnen. Abgerufen am 27. Februar 2023. (გერმ.)
  5. 40 Large Women in Strange Gang Terrorize London. In: The News.[მკვდარი ბმული] 5. Oktober 1925, abgerufen am 24. März 2018
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Forty_Elephants“-დან