ჰოქუმა ბილური
ჰოქუმა იბრაჰიმ ყიზი ბილური (აზერ. Hökümə İbrahim qızı Billuri; დ. 3 მარტი, 1926 — გ. 22 ნოემბერი, 2000) — აზერბაიჯანელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი (1958), ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1963), აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1998). ირანის აზერბაიჯანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე გახლდათ.
ჰოქუმა ბილური | |
---|---|
აზერ. Hökümə İbrahim qızı Billuri | |
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1926 |
დაბადების ადგილი | ზენჯანი, ირანი |
გარდაცვალების თარიღი | 22 ნოემბერი, 2000 |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
საქმიანობა | მწერალი, ლიტერატურათმცოდნე |
ენა | აზერბაიჯანული, სპარსული |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომატიკული პოეზია |
ჯილდოები | მედალი „შრომის ვეტერანი“, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, People’s Poet of Azerbaijan და "21 Azer" medal |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰოქუმა ბილური 1926 წლის 3 მარტს ირანის აზერბაიჯანის ქალაქ ზენჯანში მჭედლის ოჯახში დაიბადა. 1933 წლიდან 1943 წლამდე სწავლობდა მშობლიურ ქალაქში, აზერბაიჯანელ გოგონათა საშუალო სკოლაში. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი სკოლაში დარჩა და მასწავლებლად მუშაობდა[1].
ჰოქუმა ბილურის ლიტერატურისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა. სკოლის პერიოდში ის ლექსებს სპარსულ ენაზე, ხოლო შემდეგ მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე წერდა. მისი შემოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა როგორც ირანულ, ასევე აზერბაიჯანულ კულტურაზე.
როდესაც საბჭოთა ჯარები ირანში შევიდნენ, ბილურმა პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო და ხამსას რეგიონის კომუნისტური პარტიის კომიტეტის წევრი გახდა. 1940-იანი წლების დასაწყისში იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1945-46 წლებში ბილური აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის ზენჯანის რეგიონალური კომიტეტის პროპაგანდის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, სსრკ-სა და ირანის კულტურული ურთიერთობის საზოგადოების ზენჯანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ და სსრკ-სა და ირანის ბიბლიოთეკის დირექტორად ზენჯანის კულტურის სახლში[1].
1946 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ჰოქუმა ბილური იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და საბჭოთა აზერბაიჯანში გადასულიყო.
სწავლა ბაქოში განაგრძო და 1952 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. 1952-1954 წლებში ბილური ბაქოს გამომცემლობა „აზერნეშრის“ მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში რედაქტორად მუშაობდა. ამის შემდეგ, 1954 წლიდან 1956 წლამდე, იგი სწავლობდა პარტიულ სკოლაში, რომელიც კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან იყო დაკავშირებული. სწავლისას ბილური აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად ორჯერ აირჩიეს.
1956-1960 წლებში ჰოქუმა ბილური აზერბაიჯანის გაზეთის მთავარ რედაქტორად მუშაობდა. 1960-1963 წლებში იგი სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოციალური მეცნიერებათა აკადემიაში მოსკოვში სწავლობდა, სადაც სადოქტორო თემაზე „ირანის აზერბაიჯანის რეალისტური დემოკრატიული ლიტერატურა“ დისერტაცია დაიცვა.
1964 წლიდან ბილური აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. ამ პერიოდში იგი მრავალი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელისა და სსრკ-ს მედლების.
ბილური 2000 წლის 22 ნოემბერს ქალაქ ბაქოში გარდაიცვალა[1][2]. ის ბაქოში, ღირსების II ხეივანში დაკრძალეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Billuri Hökümə İbrahim qızı
- ↑ Антология поэзии Южного Азербайджана / Составители: Ахундова Э., Гулиева Х.. — Б.: Юрд, 2005. — С. 451—452. — 512 с.