ჰოლაშოვიცე
ჰოლაშოვიცე (ჩეხ. Holašovice) — პატარა, ისტორიული სოფელი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჩესკე-ბუდევიცედან 15 კმ-ით დასავლეთით, ბლანსკის ტყის დაცული ტერიტორიის სამხრეთით. სოფელი მიეკუთვნება იანკოვის მუნიციპალიტეტს. მეორე მსოფლიო ომის დროს, სოფელი მიტოვებულ იქნა. ხელუხლებელი გადარჩა მისი შუა საუკუნეების დაგეგმარება და სამხრეთ ბოჰემიის ხალხურ ან სასოფლო ბაროკოს სტილში ნაგები შენობები. 1990 წლიდან სოფელი აღდგენილ იქნა, დაიწყო ხელახლა დასახლება, ხოლო 1998 წელს ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ისტორიული სოფელი ჰოლაშოვიცე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 48°58′00″ ჩ. გ. 14°16′30″ ა. გ. / 48.96667° ჩ. გ. 14.27500° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
ნომერი | 861 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 861 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰოლაშოვიცე პირველად 1263 წელსაა მოხსენებული. 1292 წელს, მეფე ვაცლავ II-მ ის და რამდენიმე სხვა სოფელი ვიში-ბროდის ცისტერიანელტა მონასტერს გადასცა, რომლის საკუთრებაშიც ჰოლაშოვიცე 1848 წლამდე დარჩა.
1520 - 1525 წლებში სოფელში საშინელი ეპიდემია — ბუბონის ჭირი მძვინვარებდა, რომელსაც ცოცხლად 2 ადამიანი გადაურჩა. სოფლის ჩრდილოეთით, ჭირით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სვეტი აღიმართა. სოფელი თანდათან სახლდებოდა ბავარიელი და ავსტრიელი მოსახლეებით. მონასტრის ჩანაწერების მიხედვით, 1530 წელს აქ 17 ადამნიანი სახლობდა. ეს რიცხვი შემდეგში კიდევ უფრო გაიზარდა და სულ მალე, ჩეხურენოვან არეალში გერმანულად მოლაპარაკეთა ანკლავად იქცა. 1895 წლისთვის სოფელში 157 ეთნიკურად გერმანული წარმოშობის და 19 ჩეხური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობდა.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისას, გერმანელ მოსახლეთა წასვლის გამო, სოფლის მრავალი სამიწათმოქმედო არეალი თითქმის გაუდაბნოვდა. 1990-იანი წლებიდან ჰოლაშოვიცეს ხელახლა დასახლების შემდეგ, მოსახლეობის რიცხვი 140-ის ფარგლებში მერყეობს.