ჰერმან ბუდენზიგი
ჰერმან კარლ რობერტ ბუდენზიგი (გერმ. Hermann Karl Robert Buddensieg) (დ. 3 ივნისი, 1893, აიზენახი, გერმანია, — გ. 12 დეკემბერი, 1976, ჰაიდელბერგი, გერმანია) — გერმანელი პოეტი და მთარგმნელი.
I მსოფლიო ომის (1914-1915) დროს მობილიზებული იყო დასავლეთის ფრონტზე. ბრძოლის ველზე თავის არეში მიღებული ჭრილობის გართულებებმა ღრმა კვალი დაამჩნია მთელ მის ცხოვრებას. სწავლობდა სამართალს და პოლიტოლოგიას მიუნხენის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში (დაამთავრა 1920 წელს). ავტორია ლექსების კრებულებისა, ავტობიოგრაფიული თხზულებებისა (მათ შორის „Morbus Sacer“, 1946) და სხვ. ცნობილია ადამ მიცკევიჩის და ლიტველი კლასიკოსების თარგმანებით. ბუდენზიგმა დააარსა და თვითონვე რედაქტორობდა ლიტერატურულ-სამეცნიერო ჟურნალს „მიცკევიჩ-ბლეტერს“ („Mickiewicz-Blätter”, 1956-1976).
ბუდენზიგი დაინტერესებული იყო საქართველოთი და შოთა რუსთაველის პოემით. ორჯერ იყო საქართველოში. 1966-1972 წლებში მოამზადა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანული თარგმანი, რომლის ფრაგმენტები სხვადასხვა გამოცემებში დაიბეჭდა, 1976 წელს კი სრული სახით გამოსცა გამომცემლობა „საქართველომ“. წინამორბედი მთარგმნელებისაგან განსხვავებით, ბუდენზიგმა შეგნებულად გამოიყენა ჰეგზამეტრი და ძირითადად შეინარჩუნა დედნის თითქმის ყველა შინაარსისეული ელემენტი თუ ფილოსოფიური სიღრმე, უფრო დაუახლოვა ორიგინალს. 1977 წელს გამოიცა მის მიერ თარგმნილი ირაკლი აბაშიძის ლექსთა ციკლი „რუსთაველის ნაკვალევზე“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- Grażyna Szewczyk: Ein Freund Polens: Hermann Buddensieg, Übersetzer und Herausgeber der "Mickiewicz-Blätter", Deutsch-Polnisches Jahrbuch der Germanistik, Deutscher Akademischer Austauschdienst, Bonn 1993.
- Karin Hirn: „Die Macht des Leidens“ – Dr. Dr. h.c. Hermann Buddensieg: Dichter, Philosoph und Pazifist, in: Kurpfälzer Winzerfestanzeiger, Ausgabe 2010, S. 60–71.