ჰენრი სალივანი (ინგლ. Henry Sullivan; დ. 1893) — ამერიკელი მარათონული მოცურავე. ცნობილია, როგორც მესამე ადამიანი და პირველი ამერიკელი, რომელმაც მოახერხა და გადაცურა ლა-მანშის სრუტე.[1] ცურვა დაიწყო 1923 წლის 5 აგვისტოს შუადღეს, დოვერში, ინგლისში და დაამთავრა 27 საათისა და 25 წუთის შემდეგ, 6 აგვისტოს კალეში,[2], საფრანგეთში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰენრი სალივანი დაიბადა მასაჩუსეტსში, ბიზნესმენის ოჯახში. ცურვა დაიწყო რვა წლის ასაკში. პირველად სრუტის გადაკვეთა სცადა 1913 წელს (ორი წლის შემდეგ, რაც ტომას უილიამ ბერჯესი გახდა მეორე ადამიანი, რომელმაც მოახერხა ლა-მანშის არხის გადაკვეთა), თუმცა მოუწია ცურვის შეწყვეტა საფრანგეთის ნაპირიდან 8 კილომეტრზე. 1916 წელს სალივანმა გადაუსწრო ჩარლზ ტოტს (ანგარიშგასაწევი მოცურავე, რომელმაც 1923 წელს წარმატებით მოახერხა იგივე დისტანციის გადაცურვა), იცურა რა პროვინტთაუნიდან (მასაჩუსეტსი) ნანტაკეტამდე და დაამყარა ამერიკის რეკორდი განუწყვეტლად ცურვაში (20 საათი და 28 წუთი). მან კიდევ ორჯერ სცადა სრუტის გადაცურვა 1920 წელს, თუმცა მაინც ვერ მიაღწია მიზანს (საფრანგეთის სანაპირომდე მისვლამდე დააკლდა 2,4 კილომეტრი ტალღების გამო). 1921 წელს დააკლდა რვა კილომეტრი (19 საათის და 5 წუთის შემდეგ). 1922 წლის საცურაო სეზონზე ამინდის გამო სალივანმა ვერ იასპარეზა.[3][4]

საბოლოოდ, სალივანმა მოახერხა ლა-მანშის სრუტის გადაცურვა 1923 წელს. ზღვა წყნარი იყო, ხოლო წყლის ტემპერატურა 17 °C. იგი ჩავიდა წყალში 4 საათსა და 20 წუთზე, კვირას, 5 აგვისტოს და დაიწყო ცურვა. მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულების ადგილამდე მინიმალური დისტანცია იყო 36 კილომეტრი, დინების გამო ჰენრი იძულებული გახდა გაეცურა მიახლოებით 92 კილომეტრი. იგი მივიდა საფრანგეთის ნაპირთან 6 აგვისტოს, საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე. მარათონის დამთავრეისთანავე, მან გაიარა ექიმის შემოწმება და მიიღო საკვები. იგი აპლოდისმენტებით გააცილა უამრავმა გულშემატკივარმა და მათ შორის არგენტინელმა მცურავმა — ენრიკე ტირაბოკიმ, რომელმაც სალივანის შემდეგ მალევე გადაცურა ეს სრუტე.[3]

იმავე საცურაო სეზონზე ორმა მოცურავემ სცადა სრუტის გადაკვეთა. სარეკორდო დრო — 16 საათი და 33 წუთი დააფიქსირა ენრიკე ტაირაბოკიმ, რომელმაც ცურვა საფრანგეთის მხრიდან დაიწყო.[5] მეორე იყო ამერიკელი ჩარლზ ტოტი ბოსტონიდან, რომელმაც არხის გადაცურვა 16 საათსა და 40 წუთში მოახერხა.