ჯუჯა ვარსკვლავი
ჯუჯა ვარსკვლავი — შედარებით პატარა ზომისა და დაბალი ნათების მქონე ვარსკვლავი. მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა უმეტესობა ჯუჯა ვარსკვლავებია. ტერმინი პირველად 1906 წელს გამოიყენეს, როდესაც დანიელმა ასტრონომმა ეინარ გერცშპრუნგმა შენიშნა, რომ ჰარვარდის სქემაში K და M კლასიფიკაციის ვარსკვლავები შესაძლებელი იყო დაყოფილიყო ორ განსხვავებულ ჯგუფად. ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით, ასტრონომმა მათ „გიგანტები“ და „ჯუჯები“ უწოდა.[1] ჯუჯა ვარსკვლავები მზეზე მკრთალებია, გიგანტები კი კაშკაშები. ამჟამად, ვარსკვლავთა უმეტესობა კლასიფიცირებულია მორგან-კინანის სისტემით; გამოიყენება ასოები O, B, A, F, G, K და M — მიმდევრობა ცხელიდან ცივი ვარსკვლავებისაკენ, სადაც O-ტიპი ყველაზე ცხელია, M კი ყველაზე ცივი. ტერმინ „ჯუჯას“ გაგება მოგვიანებით გაფართოვდა და მოიცვა შემდეგიც:
- ჯუჯა ვარსკვლავი როგორც წესი აღნიშნავს მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავს, რომლის ნათების კლასიც არის V.
- მთავარი მიმდევრობის ყველაზე დაბალმასიანი ვარსკვლავებია წითელი ჯუჯები.
- ყვითელი ჯუჯები არიან დაახლოებით მზის მასის მქონე მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები (მათ შორის მზეც).
- ნარინჯისფერი ჯუჯები არიან K-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები.
- ცისფერი ჯუჯა — ჰიპოთეტური კლასი ძალიან დაბალი მასის ვარსკვლავებისა, რომელთა ტემპერატურაც იზრდება სიცოცხლის მიწურულს, რის შემდეგაც ტოვებენ მთავარ მიმდევრობას.
- თეთრი ჯუჯა — ვარსკვლავი, რომელიც შედგება ელექტრონ-დეგენერირებული მატერიისაგან; წარმოადგენს ბოლო საფეხურს იმ ვარსკვლავების ევოლუციისა, რომელთაც არასაკმარისი მასის გამო ნეიტრონულ ვარსკვლავად ან სუპერნოვად გადაქცევა ვერ შესძლეს; ასე ემართებათ დაახლოებით 9 მზის მასაზე ნაკლების მქონე ვარსკვლავებს.
- შავი ჯუჯა — თეთრი ჯუჯამ, რომელიც იმდენად გაცივდა, რომ ხილვად სინათლესაც კი ვეღარ ასხივებს.
- ყავისფერი ჯუჯა — სუბვარსკვლავური ობიექტი, არასაკმარისად მასიური იმისათვის, რომ წყალბადი ჰელიუმად გარდაქმნას, მაგრამ საკმარისად მასიური იმისათვის, რომ წარმოქმნას მძიმე წყალბადი (დეიტერიუმი). ამ ვარსკვლავების მასა დაახლოებით 0,08 მზის მასას ან 13 იუპიტერის მასას შეადგენს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1995) Twentieth Century Physics. Bristol; New York: Institute of Physics, American Institute of Physics, გვ. 1696. ISBN 0-7503-0310-7. OCLC 33102501.