ჯავახეთურა
ჯავახეთურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი აჭარაში ჯავახეთიდან უნდა იყოს შემოტანილი, მაგრამ ჯავახეთი მაღალმთიანი ზონაა და იქ მევენახეობა არასდროს ყოფილა განვითარებული. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ეს ჯიში მესხეთიდან უნდა იყოს წამოღებული.
ჯავახეთურა ერთეული ასწლოვანი მაღლარების სახითაა ზემო აჭარაში, ხულოს სოფლებში: ჩაოსა და ფურთიოში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა შებუსული აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ახასიათებს განტოტვა, რომელიც მტევნის სიგრძის ერთ მესამედს აღწევს. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან ოდნავ მოგრძო, მოყვითალო-მოქარვისფრო ელფერით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი წვნიანია, ძალიან ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.
ჯავახეთურა ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 185 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 190 გრამია, ხოლო ერთი ძირი მაღლარის მოსავლიანობა — 40-50 კილოგრამი. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-23.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.0-9.2 გ/ლ-ს.
სასუფრე ყურძნის ჯიშია, აქვს თხელი, დიდი მტევნები, ლამაზი მოგრძო მარცვლები და კარგი გემო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 533