ჯადოქრის დისწული

(გადამისამართდა გვერდიდან ჯადოქრის დისშვილი)

ჯადოქრის დისწული (ინგლ. The Magician's Nephew) — ფენტეზის ჟანრის საბავშვო რომანი, რომლის ავტორია კლაივ ლუისი. იგი არის ნარნიის ქრონიკების ციკლის რიგით მეექვსე წიგნი. ქრონოლოგიური მოვლენების მიხედვით იგი არის რიგით პირველი ამ წიგნებს შორის.

„ჯადოქრის დისწული“
The Magician's Nephew

პირველი გამოცემის ყდა
ავტორი კლაივ ლუისი
ილუსტრატორი პოლინ ბეინსი
გარეკანის მხატვარი პოლინ ბეინსი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
სერია ნარნიის ქრონიკები
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი The Bodley Head
გამოცემის თარიღი 1955
მედია რბილი და მაგარი ყდები
გვერდი 202
წინამორბედი ცხენი და მისი ბიჭუნა
მომდევნო უკანასკნელი ბრძოლა
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პოლი პლამერი ცხოვრობს დიგორი კერკის მეზობლად. დიგორის დედა ავად არის და ბიჭუნა ძირითადად თავის ბიძასთან, უცნაურ ენდრიუსთან ცხოვრობს. პოლისთან ერთად ენდრიუს ოთახში შემთხვევით შესვლისას იგი აღმოაჩენს, რომ ბიძამისი ჯადოქარია. მას შექმნილი აქვს მწვანე და ყვითელი ფერის რგოლები. ეს რგოლები ჯადოსნურია - მათ მფლობელს შეუძლია რეალური სამყაროდან გაქრობა და პარალელურ სამყაროებში აღმოჩენა. ენდრიუ ატარებს ცდებს და სურს, დაადგინოს, სად მოხვდება რგოლის პატრონი. ვინაიდან პოლი შემთხვევით გაუჩინარდება, დიგორი მის საძებნელად მიდის.

მას შემდეგ, რაც ბავშვები ერთმანეთს პოულობენ და სამყაროებს შორის არსებულ ჭაობებში დახტიან, ისინი აღმოჩნდებიან ჩარნის სამყაროში. იგი სრულიად ცარიელია, თუმცა ოდესღაც დასახლებული იყო. დიგორი აღვიძებს მასში დარჩენილ უკანასკნელ ადამიანს - დედოფალ ჯადისს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, რამდენ უსიამოვნებას მოუტანს ეს შეხვედრა. ჯადისი, შემდგომში უფრო ცნობილი, როგორც კუდიანი, ბავშვების დახმარებით აღმოჩნდება თანამედროვე ლონდონში.

რეალურ სამყაროში ჯადისის ჯადოქრობა არ მოქმედებს, მაგრამ ფიზიკური ძალა კვლავ ახლავს. იგი ცდილობს, დაიმონოს ქალაქი. ბავშვებს ჯერ კიდევ თან აქვთ რგოლები, ამიტომ გადაწყვიტავენ, უკან დააბრუნონ ჯადისი. მაგრამ გაუგებრობის გამო ყველა (მათ შორის, ენდრიუ, კებმენი და მისი ცხენიც) მოხვდება სრულიად ცარიელ სამყაროში. მათ თვალწინ, სიმღერის ძალით იქმნება ახალი მსოფლიო, რომელშიც ჩნდებიან სხვადასხვა არსებები. აღმოჩნდება, რომ სიმღერას მღერის დიდებული ლომი, ასლანი. მიწა, რომელიც ირგვლივ იშლება, საოცარი თვისებების მატარებელია - მასში დარგული ნებისმიერი მცენარე თუ ნივთი სწრაფად იზრდება. სწორედ ასე აღმოჩნდება ახალ სამყაროში ჯადისის მიერ ლონდონიდან წამოღებული ლამპიონიანი სვეტი.

ასლანი უხსნის ბავშვებს, რომ კუდიანთან ერთად ქვეყანაში მოხვდა დიდი ბოროტება. მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი საშუალებაა - და ეს არის ჯადოსნურ ბაღში დარგული ხის ვაშლი. კებმენის ცხენით (რომელსაც ასლანმა ფრთები უბოძა) დიგორი მიაღწევს ვაშლამდე, მაგრამ აქ ჩნდება ჯადისი და ცდილობს, მოატყუოს ბიჭუნა და დააჯეროს, რომ ვაშლის გამოყენება შეუძლია საკუთარი მიზნებისათვის, თუნდაც დედის დასახმარებლად (ვინაიდან ნაყოფს საოცარი თვისებები აქვს). მაგრამ დიგორი უძლებს ცდუნებას, ბრუნდება ასლანთან და ვაშლისგან იზრდება ხე, რომელიც ნარნიის მრავალი ასეული წლის მანძილზე დაიცავს. დიგორის კი ასლანი მის ერთ ნაყოფს აძლევს.

ბავშვები ბრუნდებიან ინგლისში, დიგორის დედა გამოჯანმრთელდება. ბავშვები სამუდამოდ მარხავენ მიწაში რგოლებს, ძია ენდრიუ კი უარს ამბობს ჯადოქრობაზე. ნარნიიდან წამოღებული ნაყოფისგან იზრდება დიდი ხე. წლების შემდეგ, დიგორის დაკვეთით, ამ ხისგან მზადდება დიდი კარადა, რომელიც წიგნის „ლომი, კუდიანი და გარდერობი“ პერსონაჟებს ნარნიაში მოახვედრებს.

  1. სხვა კარი
  2. დიგორი და ბიძამისი
  3. სამყაროთშორისი ტყე
  4. ზარი და ურო
  5. საბედისწერო სიტყვა
  6. ბიძია ენდრიუს უსიამოვნებების დასაწყისი
  7. რა მოხდა სახლის კართან
  8. შეტაკება ლამპიონთან
  9. ნარნიის შექმნა
  10. პირველი ოხუნჯობა და სხვა მოვლენები
  11. დიგორი და ბიძამისი შარში ეხვევიან
  12. მარწყვას თავგადასავალი
  13. მოულოდნელი შეხვედრა
  14. როგორ დარგეს ხე
  15. ამ ამბის დასასრული და სხვათა დასაწყისი

პერსონაჟები

რედაქტირება
  • დიგორი - ბიჭუნა, რომელიც ცხოვრობს ლონდონში თავის ბიძიასთან.
  • პოლი - დიგორის მეზობელი და მეგობარი
  • ძია ენდრიუ - დიგორის ბიძია, რომელმაც ბავშვები გააგზავნა სამყაროთა შორის არსებულ ტყეში
  • დეიდა ლეტი - დიგორის დეიდა, ენდრიუს და
  • ჯადისი - ჩარნის უკანასკნელი დედოფალი
  • ასლანი - ლომი, რომელმაც შექმნა ნარნია
  • ფრენკი - კებმენი, რომელიც მოხვდა ნარნიაში დიგორისთან, პოლისთან და ჯადისთან ერთად
  • მარწყვი - კებმენის ცხენი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება