ხურთისის კოშკი
ხურთისის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ხურთისის განაპირას, მთის ფერდობზე, პატარა კლდოვან გამონაშვერზე. თარიღდება XVI საუკუნით.
კოშკი ზურგიანია და ხევის სათავდაცო სასიგნალო სისტემაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. ნაგებია ერთმანეთთან მჭიდროდ მორგებული მოზრდილი ნატეხი ქვით. ქვებს შორის არეები ამოვსებულია ბათქაშის სქელი ფენით, ამის გამო კედლები გლუვია და მოთეთრო-მოყვითალო ფერის. კოშკი ნაწილობრივ კლდის მასივზეა აგებული. სამხრეთით და აღმოსავლეთით ცოკოლოზე დგას, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე კი გამაგრებულია ქვის წყობით. შემორჩენილია ხუთი სართული. კოშკის ქვედა ნაწილი ამოვსებულია. შესასვლელი პირველ სართულზეა - აღმოსავლეთიდან, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე. კარი თაღოვანი ყოფილა. კარის წინ ქვის გრძელი შვერილია. პირველი სართულის სამხრეთის მხარეს ორი სარკმელია, დასავლეთით - ერთი სათოფური. სათოფურის მარჯვნივ წირთხლზე ირემია გამოსახული, ჩრდილოეთ კედელზე - მხედარი. გამოსახულებები სქემატურია. შესრულებულია სამშენებლო დუღაბით და კოშკის თანადროულია. მეორე და მესამე სართულებზე თითო სარკმელია და ორ-ორი სათოფური. მეოთხე სართულზე, აღმოსავლეთ კედელში, სწორკუთხა კარია, რომელიც ხის აივანზე გადიოდა. ამ სართულზე სამი სათოფურია გაჭრილი. მეხუთე სართულის აღმოსავლეთ, ჩრდიოლოეთით და სამხრეთის მხარეს ფართო გადაუხურავი ღიობებია, რომლებიც გადიოდა ქვის კონსულებზე დაყრდნობილ აივანზე. დასავლეთით კედლებში დატანებულია ასეთივე აივანზე გასასვლელი ვიწრო სწორკუთხა კარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 488-489.