ხუპიშიჟი
ხუპიშიჟი, ხუპიშეჟი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად გულისებური ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ძალიან სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა (18-22 სმ.), კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საკმაოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის. კანი თხელი და მკვრივი აქვს, სქელი ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეუფერავი, გემო — მომჟავო-მოტკბო.
ხუპიშიჟი ძლიერი ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-200 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წინა საშუალოდ 200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 529