ხოფის ციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში, ხოფასა და არხავს შორის არსებული ერთ-ერთი ქედის ყველაზე შემაღლებულ ადგილას.

ქედს პირობითად შეიძლება პანჭოლის ქედი ვუწოდოთ. სწორედ ამ ქედის დასაწყისი მონაკვეთის მარჯვენა საკმაოდ დახრილ ფერდობებზე და ტერასებზეა შეფენილი ეს სოფელიც. ქედი, რომელიც იწყება ჭანეთის მთების მიდამოებიდან, არხავეს ქედთან ერთად ყველაზე მაღალია. იგი ეშვება ჩრდილოეთით ზღვის სანაპირო ზოლისაკენ და მთავრდება საკმაოდ მკვეთრი მიუვალი კლდოვანი ფერდობებით. აქედან შესანიშნავად მოჩანს ხოფასა და არხავეს დასახლებები და ზღვის სანაპირო ზოლი კარგა მოზრდილ მანძილზე. აქაურთა გადმოცემით ძველი გზები, რომელიც გადიოდა ზღვისპირა ზოლში, სწორედ არხავის მიდამოებიდან ზევით იწევდა, გაივლიდა სოფლებს კისას, პირონითს და შემდეგ შედიოდა ხოფაში. საკუთრივ ციხეს ზღვისპირეთიდან შედარებით ყველაზე იოლი მისადგომი ჰქონდა სოფელ პირონითის მიდამოებიდან. აქედან გზა მკვეთრად იწევს ზემოთ, გაივლის სოფელ პანჭოლს და 4 კილომეტრის შემდეგ უშუალოდ მიადგები ციხეს. პანჭოლიდან გზა გაუვალი ეკალბარდითაა დაფარული. ცენტრალური ტრასიდან ციხემდე კი სულ 5 კილომეტრია. საკუთრივ ციხე აშენებულია პანჭოლის ქედის დასაწყისი მონაკვეთის ერთ-ერთ ყველაზე შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე. ციხის მშენებლებს მაქსიმალურად გამოუყენებიათ ბუნებრივი შესაძლებლობები და მთლიანი ნაგებობა მოურგიათ ციცაბო კლდის რელიეფზე. ციხის გეგმას სწორედ ციხის ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ნაგებობისათვის ძირითადად გამოყენებულია კლდოვანი ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე, დასაწყისიდან კონცხის წვერამდე. კლდოვანი კონცხი და შესაბამისად ციხის სხვა მხარეები ბუნებრივად შესანიშნავადაა დაცული და მიუდგომელია. ციხეს ერთადერთი მისადგომი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან აქვს. გალავნის კედლების ძირითადი ნაწილი შედარებით კარგადაა დაცული აღმოსავლეთის მხარეს.

რაც შეეხება დასავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთს, საკმაოდ დაზიანებულია. შესაძლოა სწორედ ციხის ამ მიდამოებში ყოფილიყო გამართული ცენტრალური შესასვლელიც, მაგრამ იგი კედლების ცუდი დაცულობის გამო არ ჩანს. სამაგიეროდ შედარებით კარგადაა დაცული და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ვიწრო შესასვლელი, რომელიც საკმაოდ საინტერესოდაა გამართული. კერძოდ, ციხის დასაწყისი მონაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კლდოვან რელიეფს დასავლეთის მხრიდან მიუყვება საკმაოდ ვიწრო ნაკვეთი კიბის საფეხურები გალავნის კედლის დასაწყისამდე. სულ დღემდე შემორჩენილია 7 საფეხური. საფეხურების დასასრულს არის ხელოვნურად შექმნილი მცირემოცულობის სწორი ადგილი. აქედან კლდის ძირამდე 4,5 მეტრი იქნება. სწორედ ამ მონაკვეთში გალავნის კედელში დატანილია არცთუ ისე ფართო ხვრელი. იგი ციხის შიდა ტერიტორიაზე იატაკის დონიდან სიღრმეში ჩაჭრილ და საგულდაგულოდ გამართულ მცირე მოცულობის ნაგებობაში შედის. ეს ხვრელი არცთუ ისე ფართეა და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პიროვნების შესაძრომ-გამოსაძვრომად თუ იკმარებდა. საკუთრივ ნაგებობა, რომელშიც ხვრელი შედიოდა, საკმაოდ საინტერესოდაა აშენებული. იგი არც თუ ისე დიდი ზომისაა. მისი ქვედა ნაწილი შედარებით ფართეა, ხოლო ზევით ციხის იატაკის დონესთან მიახლოებისას, უცებ ვიწროვდება. მისი შიდა გვერდითი კედლები არცთუ კარგად დამუშავებული ქვებითაა ნაგები. კედლები შელესილია საკმაოდ სქელი ფენის ბათქაშით. როგორც შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, იგი შეღებილი უნდა ყოფილიყო ღია მოყავისფრო ფერის საღებავით კედელზე აქა-იქ ჩანს ნაკაწრი ბერძნული ასოების გამოსახულებაც, რომელთა წაკითხვაც შეიძლება. ამ ნაგებობის ზომებია: სიგანე იატაკის დონეზე — 1,90 მეტრი, ყელის დასაწყისში — 1,80 მეტრი. საკუთრივ ყელის ზომებია: სიგანე — 50 სანტიმეტრი, სიფართე — 55 სანტიმეტრი. მოკლედ რომ ვთქვათ, მთლიანი ციხის ტერიტორიაზე ეს დღემდე ყველაზე კარგად შემონახული მიწისქვეშა ნაგებობაა. როგორც ჩანს, ციხის ტერიტორიაზე მოხვედრა ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ დიდ რისკთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. გალავნის შიგნით, პერველ ტერასაზე არსებულ, კედელზე მიშენებულ ზემოთ აღწერილ მიწისქვეშა ნაგებობაში შესაძლებელი იყო ორი-სამი გუშაგის მოთავსება.

საკმაოდ საიმედოდაა გამაგრებული ციხის ზედა ნაწილი, აკროპოლისიც. მისი ოთხივე მხარე კარგადაა დაცული კლდის ფრიალო კალთებით. აქაც გალავნის კედლების კონფიგურაციას კლდის მოყვანილობა განსაზღვრავს. ციხის ეს ნაწილი კლდის შესაბამისად ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ პლატომდეა წაგრძელებული. მიუხედავად იმისა, რომ გალავნის კედლების გარკვეული ნაწილი საძირკვლის დონემდე ამორღვეული, მისი მთლიანი გეგმის განსაზღვრა მაინც ხერხდება. აკროპოლისის შუა მონაკვეთი კლდის მოყვანილობის შესაბამისად შედარებით განიერია და მისი სიფართე ამ ნაწილში 15-16 მეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 40 მეტრს აღწევს. რაც შეეხება დღემდე შემორჩენილი გალავნის კედლებს, მათი მაქსიმალური სიმაღლე 4-4,5 მეტრს აღწევს. სიფართე სხვადასხვაა და 80 სანტიმეტრიდან 1,20 მეტრამდე მერყეობს. ორიგინალურადაა გამართული აკროპოლისის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი მონაკვეთი. აკროპოლისის ეს ნაწილი პირველი ტერასისაგან 7-8 მეტრი სიმაღლის კლდოვანი ქანითაა გამოყოფილი. ფაქტობრივად, ბუნებრივი კლდითა და პირველი ტერასის გალავნის კედლებით შემოსაზღვრული სივრცით, აკროპოლისის მისადგომი მხარე საკმაოდ კარგადაა დაცული. გარდა აღნიშნულისა, ციხის მშენებლებს აკროპოლისის ამ ნაწილში ნახევარწრიული კოშკიც აღუმართავთ. დღემდე შემორჩენილია მისი კედლების ნაწილიც, ისე რომ კოშკის ფორმასა და ზომებზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეიძლება. მისი შიდა სივრცის სიგრძე 6 მეტრია. სიგანე 4,5 მეტრი. ნახევარწრიული კოშკი ციტადელის დანარჩენი ნაწილისაგან განივი ორმაგი კედლითაა გამოყოფილი.

ციხის ამ მონაკვეთში განსაკუთრებულ ყურდღებას იქცევს ძირითადი ნაწილის პირველ ტერასასთან დამაკავშირებელი გვირაბის კონსტრუქცია. ციხის მშენებლებს აკროპოლისის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კედელთან ახლოს, გაუკეთებიათ საიდუმლო გვირაბი. ამ მიზნით ქანში ჩაუჭრიათ მოზრდილი ოთხკუთხა ფორმის თხრილი. მისი გვერდები ამოუშენებიათ საკმაოდ კარგად დამუშავებული სხვადასხვა ფორმის ქვებით. ზედა ჩასასვლელი ნაწილიც მოზრდილი დამუშავებული ქვის ფილებით დაუფარავთ. ამ ნაგებობის სიგრძე — 3,30 მეტრია, სიგანე — 2,15 მეტრი, სიმაღლე — 3,40 მეტრი. გასაძვრომი გვირაბი ამ ნაგებობის იატაკის ცენტრალურ ნაწილშია დატანილი, მისი დიამეტრი — 0,90 სანტიმეტრია. ხვრელის გვერდითი კედლებიც ასევე დამუშავებული ქვებითაა ამოყვანილ-გამაგრებული. ნაწილობრივ მოჩანს გვირაბის სახურავის ფილა, რომლის სიგრძე — 1,30-1,50 მეტრია. სიგანეარჩანს.გვირაბისათვის განკუთვნილი ხვრელი გაივლის აკროპოლისის და კოშკის კედლებს და გადის პირველი ტერასის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში. ასე რომ, ამ გვირაბით საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი ხდებოდა ციხის ორივე ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება, ან კიდევ აკროპოლისის ტერიტორიაზე მტრის მოხვედრის შემთხვევაში მისი მიტოვება.

რაც შეეხება აკროპოლისის შიდა ტერიტორიის დანარჩენ სივრცეს, აქაც შეინიშნება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაგებობათა ნანგრევების არსებობა. ისინი თითქმის საძირკვლების დონემდეა დანგრეული. მათი ტერიტორია დიდი ზომის ხეებით და ეკალ-ბარდითაა დაფარული. ამჟამად მათ გეგმებსა და დანიშნულებაზე საუბარი ჭირს.

საკუთრივ ციხის მშენებლობაში რომელიმე ეპოქისათვის დამახასიათებელი მკვეთრი განმასხვავებელი ნიშნების დაჭერა ჭირს. გალავნის კედლების მშენებლობაში საპირეებად უმთავრესად გამოყენებულია ქვიშაქვის გვერდებჩამოსწორებული სხვადასხვა ზომის ქვები. ხშირ შემთხვევაში მათი დიდი ნაწილი ჩამოშლილ-დანგრეულია. საპირექვებს შორისი სივრცე ძირითადად შევსილია შედარებით მომცრო ზომის კლდისაგან ანატკეცი ქვებისა და დუღაბის ნარევით. ზოგიერთ ნაწილში შეინიშნება შედარებით კარგად დამუშავებული ოთხკუთხა ფორმის ქვების გამოყენების შემთხვევებიც.

ციხე თავისი ადგილმდებარეობით მეტად ხელსაყრელ ადგილასაა აშენებული. აქედან შესანიშნავად მოჩანს მთელი ტერიტორია ოთხივე მხრივ. იგი უშუალოდ გაჰყურებს არხავის 18 ციხეს და მასთან კავშირში შესანიშნავად აკონტროლებს უზარმაზარ ტერიტორიას, როგორც შიგასივრცეში მთებამდე, ისე ზღვისპირა ზოლს და აქ გამავალ სახმელეთო და საზღვაო გზებს. ეს ის ციხე უნდა იყოს, რომელიც როგორც უცხოურ, ისე ქართულ წყაროებში ხუფათის ციხის სახელწოდებით მოიხსენება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 15-19 ISBN 978-9941-0-6458-6.