ხოფათური, ქვაფათური, ხაფათურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ხოფათური გავრცელებული უნდა ყოფილიყო სოფელ ხოფეს მიდამოებში, საიდანაც წარმოიშვა ვაზის სახელწოდება. მისივე მოსაზრებით, ქვაფათური, ხოფათურის ფონეტიკური სახეცვლილებაა.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, განივოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად მცირედაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, დატოტვილი და თხელი. მარცვალი საშუალო ან დიდი ზომისაა, ოვალური, ღია-მწვანე, მზის მხარეს მოქარვისფრი-ელფერით. კანი სქელი და საკმაოდ მკვრივი აქვს. მცირედაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი საკმაოდ წვნიანია, მაგრამ უფრო ხორციანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ხოფათური ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდვ 194 დღეა. სრულ სიმწიფეში 20-25 ოქტომბრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 133 გრამია, სა-ჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-8.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად და საკმაოდ ხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 524