ხიმინჯი
ხიმინჯი — გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტი (სვეტი, ხის, ბეტონის ან ლითონის ძელი), რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას.
ხიმინჯების კლასიფიკაცია
რედაქტირებაგანასხვავებენ ჩასასობ (მზა სახით ჩადებულს) და დანატენ (გაბურღვის შედეგად ჩაყენებულს) ხიმინჯს. მუშაობის ხასიათის მიხედვით არსებობს – დგარი ხიმინჯი, რომელიც შენობიდან მიღებულ დატვირთვას გადასცემს კლდოვან ან პრაქტიკულად შეუკუმშავ გრუნტს, და დაკიდებული (ფრიქციული), რომელიც დატვირთვას გადასცემს გრუნტს ხიმინჯის გვერდითა ზედაპირის გრუნტთან ხახუნის ხარჯზე; დატვირთვის მოქმედების მიხედვით – ცენტრალური, შვეული, ექსცენტრული და ამომგდები; დაარმატურების მიხედვით (რკინაბეტონის) – დაუძაბავი და დაძაბული განივი არმატურით, განივი დაარმატურებით ან მის გარეშე. გამოიყენება ხიმინჯოვან საძირკვლებში.
ნატენი ხიმინჯი
რედაქტირებახიმინჯის სახეობა, რომლის დამზადება ხდება ადგილზე გაბურღული გრუნტის ბეტონით ან ქვიშა-ღორღით (ქვიშა-ხრეშით) ამოვსებით. მისი მოწყობის ტექნოლოგია შემდეგია: გრუნტის გაბურღვა, ნაბურღში გარსაცმი მილის ჩაშვება, ნაბურღიდან ჩამოშლილი გრუნტის ამოღება, ნაბურღის ეტაპობრივი შევსება ბეტონის ნარევით, ეტაპების შესაბამისად, ბეტონის დატკეპვნა, გარსაცმი მილის თანდათანობითი ამოღება. ხიმინჯის დაარმატურება ხდება მხოლოდ ზედა ნაწილში. არსებობს ნატენი ხიმინჯის შემდეგი სახეობები: ტკეპნილი (სტრაუსის), ბურღტენილი, პნევმოტენილი, ვიბროტენილი, ხშირტენილი, ვიბროდარტყმითი, ქვიშოვანი და გრუნტბეტონის. ხიმინჯის სიგრძე მიიღება 20-30 მ, დიამეტრი – 50-150 სმ. სპეციალური დანადგარების გამოყენებისას ხიმინჯის დიამეტრმა შეიძლება 350 სმ-საც მიაღწიოს, სიგრძემ – 60 მ-ს, ხოლო მზიდუნარიანობამ – 500 ტ-ს.
ნარანდი ხიმინჯები (შპუნტები)
რედაქტირებაჩაღრმავებული კილოს ფორმის მასიური ხიმინჯები, რომლებიც გრუნტში ერჭობა ქვაბულის, მაღაროს, კაშხლის კონტურის მიხედვით.
ხიმინჯების მასალები
რედაქტირებალითონის ხიმინჯი
რედაქტირებალითონის კონსტრუქცია, გამოყენებული სამშენებლო საძირკვლების საყრდენად. მზადდება სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილებისაგან კედლის სისქით 8-20 მმ, სიგრძით 30 მ-მდე. წვერო კონუსური ფორმის აქვს, რათა ადვილად მოხდეს მისი ჩასობა გრუნტში. მილების გარდა შესაძლებელია რელსების, ორტესებრებისა და სხვა გაგლინული პროფილების გამოყენებაც; ზოგჯერ ხრახნულ ლითონის ხიმინჯებსაც იყენებენ, რომელსაც წვეროზე უკეთდება სპეციალური გრუნტის საჭრელი ბუნიკი. ლითონის ხიმინჯი გამოიყენება სანავსადგურო, ენერგეტიკული, სამრეწველო ობიექტების, ხიდების, მაღლივი შენობების, სპეციალური ნაგებობებისა და სხვათა საძირკვლების მოსაწყობად.
რკინაბეტონის ხიმინჯი
რედაქტირებასაყრდენი ბეტონის ღერო, ჩაყურსული გრუნტში მზა სახით ან დამზადებული ადგილზე – ჭაბურღილში (ნაბურღ-ნატენი, ნაბურღ-ინექციური). მზადდება სხვადასხვა განივკვეთის В15 ან В20 მარკის მძიმე ბეტონისაგან. გრუნტში ჩასობის პირობების მიხედვით არის ჩვეულებრივი და ამაღლებული დარტყმამედეგობის.
ხის ხიმინჯი
რედაქტირებამთლიანკვეთიანი ხის მორები, დამზადებული წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. სიგრძე 8.5 მ-მდე, დიამეტრი – 22-34 სმ. მორი სუფთავდება ქერქის, წანაზარდებისა და კორძებისგან. ბუნებრივი წოწება ნარჩუნდება. ჩასობა გრუნტში ხდება წამახვილებული წვრილი ბოლოთი, რომელზეც წამოეცმევა ფოლადის ბუნიკი (დაზიანებისგან დასაცავად), ხოლო ზედა თავზე უკეთდება ფოლადის ბუგელი (სალტე), რომელიც თავს დაზიანებისგან იცავს. ის ხიმინჯის დასველებულ თავს ეცმევა ცხელ მდგომარეობაში და გაცივების შემდეგ მჭიდროდ შემოეკვრება მას. წვერი აუცილებელია ემთხვეოდეს ხიმინჯის ღერძს, რადგან ღერძისაგან გადახრამ შეიძლება გამოიწვიოს ხიმინჯის გადახრა საპროექტო მდგომარეობიდან. ბიომავნებლებისა და ლპობისაგან დასაცავად ხიმინჯს უკეთდება ანტისეპტირება და ისე ყურსავენ, რომ მთლიანად დაიფაროს გრუნტის წყლით. როცა ხიმინჯის სიგრძე მეტია 8ю5 მ-ზე, მაშინ ახდენენ მორების წაზრდას სიგრძეში პირაპირების მოწყობით, რისთვისაც გამოიყენება ფოლადის ზედები ან მილის გადანაჭრები და შეიკვრება ჭანჭიკებით. თუ საჭიროა დიდი განივკვეთისა და სიგრძის (30 მ-მდე) ხის ხიმინჯები, მაშინ გამოიყენება ბუჩქურტანიანი ხიმინჯები, შედგენილი სამი (ოთხი) მორის ან ორი (ოთხი) ძელისაგან, აგრეთვე პაკეტური (დაწებებული ფიცრებისაგან შედგენილი) ხიმინჯები, რომელთა განიკვეთი შეიძლება იყოს 50×50 სმ-მდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხმელიძე თ., გურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ხმელიძე კ., „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, ტ. IV, თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2019. — გვ. 388-389, ISBN 978-9941-28-496-0.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 483.