ხერხეულიძეების დედა
ხერხეულიძეების დედა — ქართველი გმირი ქალი, რომელიც ცხოვრობდა XVII საუკუნეში. უცნობია მისი სახელი, ასევე დაბადებისა და გარდაცვალების წლები.
ბიოგრაფია
რედაქტირება340 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შაჰ-აბასმა საქართველოს წინააღმდეგ გამოგზავნა მრავალათასიანი ჯარი. 1624 წლის ივლისის შუა რიცხვებში, მარადსახსოვარ მარაბდის ველზე განთიადისას ომი დაიწყო. ქართველებმა სძლიეს მტერს, მაგრამ მოწინააღმდეგის სარდალი ყორჩიბაში ბრძოლის ველს არ თმობდა, ამ დაძაბულ ვითარებაში მას მაშველი ჯარი მოუვიდა და ძლიერი შეტევა განავითარა, თან ხმა დაირხა, თვით შაჰი მოვიდაო. მეორე მხრივ მოღალატეებმა ხმა გაავრცელეს — თეიმურაზი მოკლესო. ქართველებს გული გაუტყდათ და პირი იბრუნეს. ყიზილბაშები კი გაქცეულთ უმოწყალოდ ხოცავდნენ. ომში განსაკუთრებით გლეხობა დაიღუპა. ქვეყნის თავისუფლებისათვის თავდადებულთა შორის იყვნენ გლეხთა წრიდან გამოსული ქართველი ქალებიც, რომელთა შესახებ „ქართლის ცხოვრების“ აღმწერნი „სიგრძისათვის“ ენას „იდუმებდნენ“. ამ სახელოვან პლეადას ეკუთვნის XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამშობლოსათვის თავდადებული ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათი დედა, რომელიც მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთი მოკლული შვლის მაგივრად მეორეს გზავნიდა, ვიდრე მეცხრე შვილიც არ გასწირა, ხოლო შემდეგ, როცა საშველი აღარ იყო, თვითონ აიღო იარაღი და მტერს ეკვეთა. მან ბევრი მომხდური გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში შვილებთან ერთად თვითონაც დაიღუპა.
გადმოცემები
რედაქტირებაარსებობს გადმოცემა: დაჭრილი დედა დადიოდა მკვდრებით მოფენილ ველზე და თავის გმირულად დაღუპულ შვილებს ეძებდა, თითოეულს ჭრილობებს უსინჯავდა და წყევლა-კრულვას უგზავნიდა მტერს. ბოლოს, როცა მან მკვდარი შვილები ერთად დაასვენა, ჩამოიარა ორმა სპარსელმა. ისინი დაჭრილებს ხოცავდნენ და მკვდრებს ძარცვავდნენ. ერთმა მათგანმა ცხრა ძმაზე წამოიძახა: ამათ შეხედე, როგორ გოჭებივით ყრიანო. გამწარებულმა დედამ მტარვალს შეხედა და შეევედრა: გეთაყვა, ეგ ხმალი მომაწოდე, თავი მეც უნდა მოვიკლა, ამ შვილების დამკარგავს რაღათ მინდა სიცოცხლეო. სპარსელებს დახოცილთა ქამარ-ხანჯლებსა და სამკაულებზე ეჭირათ თვალი და დედაკაცს სიხარულით გაუწოდეს ხმალი, შურისძიებით ანთებულმა დედამ სპარსელებს თავი ხმლით შუაზე გაუჩეხა და თვითონაც იმ ხმლით მოიკლა თავი. მსგავსი, მაგრამ რამდენადმე განსხვავებული გადმოცემის მიხედვით იქვე ჩაუვლია ორ სპარსელს. ერთ მათგანს უთქვამს: დედას რა გოჭებივით ჩაკვრიანო. ამის გამგონე დედა წამომდგარა ფეხზე, გადასდგომია მტრებს: თქვენ მე დედა ღორი მიწოდეთ, ჩემ შვილებს — გოჭები. ახლა დედა ღორს სურს ანგარიში გაგისწოროთო. ამისთქმისთანავე ორივე სპარსელი დაუხოცავს და მომაკვდავთათვის მიუძახია: ასე იცის დედა ღორმა ძაღლების მოკვლაო. შემდეგ დედასა და მეცხრე შვილს კიდევ დიდხანს უბრძოლიათ მტრის წინააღმდეგ და ბოლოს ისინიც დაღუპულან.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით ქორიძე, „სახელოვანი ქართველი ქალები“, თბ., 1965.