ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი)

ხელოვნების ეროვნული გალერეა (ინგლ. National Gallery of Art) — ხელოვნების მუზეუმი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, მდებარეობს ეროვნულ მოლთან. მუზეუმი დაფუძნდა 1937 წელს კონგრესის მიერ, ხოლო შენობის კონსტრუქციისა და მნიშვნელოვანი სამხატვრო კოლექციისთვის ფონდები გაიღო ენდრიუ მელონმა. სემუელ კრესმა მუზეუმს უსახსოვრა მისი თავდაპირველი იტალიური ხელოვნების კოლექცია.

ეროვნული გალერეის აღმოსავლეთის შენობა

შენობები

რედაქტირება

მუზეუმი ორი ნაწილისგან შედგება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შენობებისგან, რომლებიც მიწისქვეშა კორიდორითაა დაკავშირებული. მუზეუმის საწყისი შენობა (ამჟამად დასავლეთის ფრთა) გაიხსნა 1941 წლის 17 მარტს. არქიტექტორ ჯონ რასელ პოუპის დაპროექტებული შენობა ნეო-კლასიკურ სტილშია გიგანტური სვეტებიანი პორტიკოთი და მასიური თაღით პანთეონის მსგავსად (პოუპის მეორე ღირსშესანიშნავი ქმნილების - ჯეფერსონის მემორიალის - მსგავსად), სიმეტრიული გვერდითი ფრთების გარდა. აღმოსავლეთის შენობის დიზაინი (ი. მ. პეი) ასევე გეომეტრიულია, მაგრამ უფრო ფრაგმენტული და სწორკუთხოვანია დასავლეთის შენობის ცივ კლასიკურობასთან შედარებით; ზემოდან ის ერთმანეთში გადაჯაჭვულ ალმასებს წააგავს. აღმოსავლეთის შენობა გაიხსნა 1978 წელს. გალერეამ 1999 წელს ასევე გახსნა სკულპტურათა ბაღი დასავლეთის შენობის გვერდით.

კოლექცია

რედაქტირება

დასავლეთის შენობას ევროპელ ხელოვანთა ფერწერისა და სკულპტურათა ინტენსიური კოლექცია გააჩნია შუასაუკუნეებიდან მოყოლებული გვიანდელ მე-19 საუკუნემდე, მე-20 საუკუნემდელ ამერიკელ ხელოვანთა ნამუშევრებთან ერთად. სხვა მრავალთა შორის ამ კოლექციაშია ვერმეერის, რემბრანდტის, მონეს, ვან გოგის მნიშვნელოვანი ტილოები და ასევე დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული ლეონდარდო და ვინჩის ერთადერთი ფერწერული ტილო.

აღმოსავლეთის შენობა თანამედროვე ხელოვნებაზე აკეთებს აქცენტს და მის კოლექციაშია პიკასო, მატისი, ჯეკსონ პოლოკი, ენდი ვარჰოლი და ალექსანდერ კალდერი. ამავე შენობაშია გალერეის მთავარი ადმინისტრაციული ოფისები და დიდი კვლევითი ცენტრი.

დასავლეთის შენობის დასავლეთით, მე-7 ქუჩის გადაღმა, მდებარეობს ეროვნული გალერეის სკულპტურათა ბაღი. 25.000 კვ.მ. ბაღი გაშენებულია დიდი მრგვალი შადრევნის ირგვლივ, რომელსაც ზამთარში საციგურაო მოედნად იყენებენ და მას ირგვლივ ქვის ამფითეატრი აკრავს. აქ გამოფენილ სკულპტურათა შორის არის ჟან მიროს, ლუიზა ბურჟუას, როი ლიხტენშტეინისა და ჰექტორ გიმარდის ნამუშევრები.

ხელოვნების ეროვნული გალერეა კერძო-სახალხო პარტნიორობის მხარდაჭერით არსებობს. აშშ-ის ფედერალური მთავრობა გამოჰყოფს ფონდებს ყოველწლიურად მუზეუმის შენახვისათვის. თუმცა მთელი მხატვრული კოლექცია, ისევე როგორც მუზეუმის სპეციალური პროგრამები პირადი დონაციებითა და ფონდებით საშუალებით ხორციელდება. მუზეუმი სმითსონიანთა ინსტიტუტთანაა აკრედიტებული, თუმცა ის დამოუკიდებლად იმართება.

როგორც სამთავრობო დაწესებულებაში, შესვლა ეროვნულ გალერეაში უფასოა. მუზეუმი ღიაა ყოველდღიურად დილის 10-დან საღამოს 5-მდე (კვირას 6-მდე) მთელი წლის განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება