ხეითის მაცხოვრის ეკლესია
ხეითის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეითში, დოკაძიანთ უბანი, ადგილი „კოშკები“. აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ფასადების კუთხეები თლილი ქვის კვადრებითაა ამოყვანილი.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწროთაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით ნიშაა. მისი მოხაზულობის დადგენა დაზიანების გამო შეუძლებელია. კონქი ამოყვანილია ქვის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ქვის კანკელია.
ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. გრძივ კედლებს დაბალი ხარისხი მიუყვება. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა.
აღმოსავლეთ სარკმლის სათაურის ქვას შეისრული ფორმა აქვს. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი. დაზიანებულია კანკელი, იატაკი, ჩრდილოეთი ფასადი, სამხრეთი სარკმელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 257-258