ხაჩატურ ბაბუროვი
ხაჩატურ ბაბუროვი, ხეჩატურ ბებუროვი (დ. დაახლოებით 1766 — გ. ?) — ერეკლე მეფისა და გიორგი მეთორმეტის მესაჭურვლე.
ბიოგრაფია
რედაქტირებახეჩატურ ბაბუროვი დაიბადა დაახლოებით 1766 წელს. ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა და მისი ბრძანებით ამზადებდა სხვადასხვა იარაღს, რის გამოც დანიშნული ჰქონდა ჯამაგირი. 1792 წლის 2 აგვისტოს მეფე ერეკლემ, დამსახურების გამო აზნაურის წოდება მიანიჭა[1]. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, მან გიორგი მეთორმეტის კარზე განაგრძო სამსახური. „მე ვიყავ ჩემის ხელოვნებით მსახური მეფის ირაკლისა და მეფის გიორგისა და ვაკეთებდი იმათ საკადრის იარაღებს, რომელსაც თითონ ხმარობდენ და ხანებსაც ფეშქაშებად უგზავნიდნენ, და მქონდა იმათგან ულუფა და ჯამაგირი განწესებული...“ — წერს ხეჩატურა პავლე ციციანოვისადმი დაწერილ განცხადებაში 1803 წელს[2].
ხეჩატურამ ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგაც განაგრძო საჭურვლის დამზადება. 1804 წლის აგვისტოში სპარსელების წინააღმდეგ თბილისიდან გასულ ქართველ თავადთა და აზნაურთა რაზმში იმყოფებოდა. ბრძოლა წარუმატებელი აღმოჩნდა და ხეჩატურა ერევნის სიახლოვეს სხვა თავად-აზნაურებთან ერთად ტყვედ ჩავარდა, სპარსეთში, კერძოდ თავრიზში წაიყვანეს. სპარსელები ტყვეებში საკმაო რაოდენობის თანხას ითხოვდნენ. მოლაპარაკებები გაჭიანურდა[3]. ხეჩატურა სპარსეთიდან 1808 წელს დაბრუნდა[4].
ხეჩატურას გარდაცვალების შესახებ ზუსტი ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა ის 1825 წლის შემდგომ უნდა გარდაცვლილიყო[5]. მისი შემოქმედება გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. დღეისათვის ცნობილი, ხეჩატურას მიერ დამზადებული ხმლები და ხანჯლები რუსეთში მუზეუმებსა[6] და კერძო კოლექციებშია დაცული. გააჩნია დამღა, რომელზეც გამოსახულია ქართული ასოები „ხჩრ“ ან სტილიზებული „ხჩტრ“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Двалишвили Л.Б. К вопросу о генеалогии оружейника Геурка // Историческое оружиеведение. — 2021. — № 10. — გვ. 88
- ↑ მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, მასალები ქართლ-კახეთის სამოხელეო წყობის ისტორიისათვის, შესავალი წერილი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო შ. მესხიამ, 1948, ნაკვ. I (26), გვ.79-80
- ↑ Акты, собранные Кавказской археографической комиссией, Т. 2 / под ред. Ад. Берже. — Тифлис.: Тип. гл. упр. Наместника Кавк Арх. Гл. упр. Наместника кавказ, 1868, გვ. 811, 813
- ↑ Двалишвили Л.Б., დასახ. ნაშრომი, გვ. 89
- ↑ Двалишвили Л.Б., დასახ. ნაშრომი. გვ. 88
- ↑ Miller, Y., Caucasus Arms from the State hermitage Museum, St. Petersburg 2004, გვ. 84-85