ხაშმის საფერავი
ხაშმის საფერავი — ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინო. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნიდან.
ღვინო „ხაშმის საფერავი“ ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სხეულიანი, მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატებით.
ღვინო „ხაშმის საფერავის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12%-ს, შაქრის მასიური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 24 გ/დმ³. სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ხაშმის მიკროზონა მოიცავს სოფელ ხაშმს. ხაშმის მიკროზონის ფართობი შეადგენს 887 ჰა-ს.
„ხაშმის საფერავი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ხაშმის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნიდან.
ყურძნის მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას.
ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს: 650 ლიტრს — ერთი ტონა ყურძნიდან; 6500 ლიტრს — ერთი ჰა ვენახიდან.
„ხაშმის საფერავის“ სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმა და რეალიზაცია ნებადართულია რთველის მომდევნო წლის პირველი აგვისტოდან.