ხარხეთის საცხოვრებელი სახლი
ხარხეთის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარხეთის ცენტრალურ ნაწილში. ეკუთვნის ი. გვიანაშვილს. აგებულია ნატეხი ქვით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი ორსართულიანია. სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზეა მოწყობილი. სახურავი ბრტყელია, მიწურბანიანი. პირველი სართულის სამხრეთის ფასადს გადახურული აივანი გასდევს. კოჭების დატვირთვა მრგვალ და ოთხკუთხა ხის სვეტებზეა გადატანილი. სვეტებს სვეტისთავები აგვირგვინებს. ზოგიერთი სვეტი ქვის ფილაზე დგას. ერთი ფანჯარა დასავლეთ კედელშია, ორი სწორკუთხოვანი კარი და ორი ფანჯარა აივანზე გამოდის. პირველი სართული წნული ტიზრებით სამ ნაწილადაა გაყოფილი. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში - კერა, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - გომური. აივნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში თონეა. მეორე სართულის სამხრეთის ფასადი გახსნილია. აღმოსავლეთ კედელში. რელიეფის შესაბამის დონეზე, განიერი შესასვლელია. კალოს იატაკი მის წინ მდებარე პირველი სართულის აივნის ბანის დონეზეა. აღმოსავლეთ კედლეში ერთი ნიშია, ჩრდილოეთისაში - ოთხკუთხა ღიობი. დასავლეთ კედელში - ასეთივე ღიობი და ერთი ნიში. კალო სამეურნეო საჭიროებისათვისაც იყო განკუთვნილი. აქ ინახავდნენ საქონლის საკვების მარაგს, სამეურნეო იარაღსა და ჭირნახულს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 355.