ხარისთვალა შავი
ხარისთვალა შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხშირად განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია, აქვს მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი აბლაბუდისებრი შებუსვა. ძარღვების განტოტების ადგილთან თხელი ჯაგრისებრი შებუსვითაა დაფარული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური, იშვიათად განივკონუსური, დატოტვილი. მტევანი კუმსია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საკმაოდ მსხვილია, მისი ფორმა სრულიად განსხვავებულია: შეზნექილიდან ოვალურამდე. ძირითადად მარცვალი მომრგვალო ფორმისაა. მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. საკმაოდ სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი მკვრივია, ოდნავ ჩონჩხიანი და ამასთანავე მდნარი, წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.
შავი ხარისთვალას სავეგეტაციო პერიოდი 134 დღიდან 185 დღემდე მერყეობს. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. მტევნის წონა 100-450 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 515