არჩილ ხარაძე
არჩილ კირილეს ძე ხარაძე (დ. 21 აპრილი, 1895, სოფელი წიფა, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 17 დეკემბერი, 1976, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944).
ბიოგრაფია
რედაქტირება1912 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზია. და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. 1918 წელს მიიწვიეს მათემატიკური ანალიზის კათედრაზე ასისტენტად ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია რომ არჩილ ხარაძემ პირვემა წაიკითხა ქართულად ლექცია მათემატიკაში. 1922 წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები და დატოვეს დოცენტად მათემატიკური ანალიზის კათედრაზე, რომელსაც განაგებდა ანდრია რაზმაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭობ ა. ხარაძე აირჩია პროფესორად და დაამტკიცა კათედრის გამგედ. ერთხანს იყო დეკანიც, ხოლო 1938–1944 წლებში უნივერსიტეტის პრორექტორი. 1947-1952 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია.
გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მათემატიკურ საზოგადოებას. დაჯილდოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ელისაბედ ერმის ასული ვოზდვიჟენსკაია (დ. 22 ოქტომბერი, 1895, ასტრახანი — გ. 13 თებერვალი, 1989, თბილისი).
მისი ძმა იყო ასტრონომი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამმაარსებელი — ევგენი ხარაძე.[1] მისი შვილი — მეცნიერი და ფიზიკოსი გიორგი ხარაძე, იყო ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 413, თბ., 1994
სქოლიო
რედაქტირება- ↑ როგორ გამოიყურება "გინესის" წიგნში შესატანი სოფელი-მუზეუმი ფარცხნალში ka. კვირის პალიტრა (14 აგვისტო, 2021). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2024