ადამიანის პენისი

სასქესო ორგანო
(გადამისამართდა გვერდიდან ჭუჭუა)

ადამიანის პენისი,[1] ქართულად: ასო[2] (ლათ. pénis, ძვ. ბერძნ. πέος და φάλλος) — მამაკაცის სასქესო ორგანო. მისი დანიშნულებაა შარდის გამოყოფა, სქესობრივი აქტის დამყარება და ეაკულაცია. ასო ერთდროულად განეკუთვნება როგორც საშარდე, ისე რეპროდუქციულ სისტემას. რადგან პენისი ხილულად განსაზღვრავს ადამიანის სქესს, როგორც მამრობითს, ის დიდი სოციალური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მქონეა.[3]

ადამიანის პენისი
ლათინური 'penis, penes'
არტერია პენისის დორსალური არტერია, პენისის ღრმა არტერია
ვენა პენისის დორსალური ვენა
ნერვი პენისის დორსალური ნერვი
MeSH Penis

სასქესო პენისის აგებულებაში გამოყოფენ ფესვს ან საფუძველს (ლათ. rádix pénis), სხეულს ან ტანს (ლათ. córpus pénis) და თავს (ლათ. glans pénis). პენისის ტანი წარმოქმნილია ორი ღრმა და ერთი ღრუბლისებრი სხეულით. პენისში სისხლის მიმოქცევა ხორციელდება ღრმა და დორსალური არტერიებით, რომლებიც წარმოადგენს შიდა სასქესო არტერიის განშტოებებს.

ზრდასრული მამაკაცის პენისი დამშვიდებულ მდგომარეობაში საშუალოდ 7–10 სანტიმეტრს, ხოლო ერექციის დროს კი — 12–18 სანტიმეტრს შეადგენს და დაახლოებით ქალის საშოს ზომებს შეესაბამება. არ არსებობს პირდაპირი კავშირი პენისის ზომასთან მიმართებაში მშვიდ და ერეგირებულ მდგომარეობაში.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პენისი, ფიზიკური ბიოლოგიურად მამრობითი სქესის გამომხატველი რეპროდუქციის ორგანო და ფალოსი, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს ერეგირებულ პენისს ან ერეგირებული პენისის სიმბოლოს, რომელიც მამაკაცურ ძალაუფლებას განასახიერებს. ჟაკ ლაკანის მიხედვით, ფალოსი, ბიოლოგიური პენისისგან განსხვავებით, ტრანსცენდენტალური აღმნიშნველია, რომელიც განასახიერებს ყველაფერს, რაც ადამიანს სურს, პირველ ყოვლისა კი — ძალაუფლებას. ლაკანმა პენისის შურის ფროიდისეულ კონცეფციაში პენისი ფალოსით შეცვალა და ამტკიცებდა, რომ ის, რაც მართლა სასურველია, არის არა პენისი, არამედ ფალოსი — ძალაუფლების ნიშანი და სიმბოლო.[3]

სქოლიო