ჭროღა კახური, ჭროღა, ჭროღა ვაზიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ფრთიანი და კონუსურ-ცილინდრული ფორმის, თხელი ან ძალიან თხელი. მარცვალი მომრგვალოა, საშუალო ზომის, შეზნექილი, მომწვანო-მოყვითალო ფერის, ცვილისებრი ნაფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი თხელი აქვს, ნაკლებადმკვრივი და ადვილად სკდება. რბილობი ხორციანი და წვნიანია.

ჭროღა კახური საშუალო ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 152 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-120 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 3.0-4.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.0-6.4 გ/ლ-ს.

ჯიშური ღვინო საშუალო ხარისხისაა. ძირითადად გამოიყენება საბრენდე სპირტისა და სხვა თეთრყურძნიან ჯიშებთან სეპაჟით თეთრი ღვინოების მისაღებად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 499