ჭოპორტის ღვთისმშობლის ეკლესია
ჭოპორტის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით, აგურითა და ხით. 1983 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიის კედლები გარედან ცემენტის ხსნარით შეულესავს და შეუთეთრებია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით, კედლის დასავლეთ კიდესთან და დასავლეთით კედლის ღერძზე. ორივე კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედა - თაღოვანი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს გეგმით ნახევარწრიული თითო ნახევარწრიულთაღიანი ნიშია. გრძივ კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთით - ერთი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, საკურთხეველთან ახლოს, თითო სწორკუთხა ნიშია. ნიშების თავზე პატარა სამალავებია. საკურთხეველსა და დარბაზს ხის ბრტყელი გადახურვა აქვს. შენობის ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. შემორჩენილია ცოკოლისა და აგურის საფეხურიანი ლავგარდნის მცირე ნაწილი. ეკლესიის სახურავის კეხზე, დასავლეთ კიდეში, დგას ოთხ მხარეს თაღებით გახსნილი აგურის ვიწრო სამრეკლო, რომელსაც აგურისავე პირამიდული სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 354.