ჭოდი
ჭოდი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
ზემო აჭარაში ფილოქსერას გამოჩენამდე ჭოდი ფართოდ ყოფილა გავრცელებული და მის მოსავალს მოსახლეობა სასუფრე ყურძნად იყენებდა. ხოლო სამეგრელოში ჭოდისგან ღვინოს წურავდნენ. მისი ღვინო იმდენად მაღალხარისხიანი ყოფილა, რომ მას „საზედაშედ“ მოიხსენიებდნენ. ჭოდის მაღლარები ძალიან მცირე რაოდენობითაა აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტში და სამეგრელოს ტერიტორიაზე.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე ძალიან მცირედაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. გვხვდება უფორმო და დატოტვილი მტევნებიც, კუმსი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, თითქმის შავი. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი.
ჭოდი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 195 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 98 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.0 გ/ლ-ს.
გამოიყენება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი, მშრალი ღვინის მისაღებად და სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 496