ჭერემის წმინდა გიორგის ეკლესია
ჭერემის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის ცენტრში, საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით. ორმოცდაათიოდე მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
აღწერილობა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შენობის გარეთა კუთხეები გაცილებით მოზრდილი, მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვებითაა ამოყვანილი. გარედან კარ-სარკმელთა ღიობები გამოყვანილია შირიმისა და ქვიშაქვის სუფთად ნათალი ქვებით. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთი კარი (ამოქოლილია) სწორკუთხაა და გარედან საფეხურით შეღრმავებულ, ნახევარწრიული თაღით დასრულებულ არეშია ჩასმული. თაღის მალი შეღრმავების სიგანესთან შედარებით გაცილებით ნაკლებია და ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა, რომელთა პროფილს თარო, ლილვი და ოდნავ შეზნექილი ზედაპირი შეადგენს. შესასვლელი შიგნითაც სწორკუთხაა. მის თავზე მოწყობილია ნახევარწრიული ტიმპანი. დასავლეთ კარი, რომელიც მოგვიანებით ოდნავ დაუვიწროებიათ, ორივე მხრიდან ხის მოზრდილი ძეგლებითაა გადახურული თარაზულად. ეკლესიის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული დარბაზი და საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც დარბაზის იატაკის მიმართ დაახლოებით 30 სანტიმეტრითაა შემაღლებიული. აფსიდში ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული, ბრტყლად გადახურული სარკმელია. იგი გარედან ქვიშაქვის ერთ ქვაში გამოკვეთილი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. აფსიდში ხუთი სხვადასხვა ზომის სწორკუტხა ნიშაა. მათგან სამი სარკმლის ჩრდილოეთითაა, ერთი სამხრეთით, ხოლო ერთიც სარკმლის ქვემოთ. კონქის თაღი ნახევარწრიულია დადაყრდნობილია შირიმის იმპოსტებზე. კონქში რეზონატორებად ჩასმულია ოთხი პატარა ქვევრისებრი ჭურჭელი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომელსაც განაპირა საფეხურებს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. ხოლო წინას ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. პილასტრების ერთი წყვილი დასავლეთ კუთხეებშიაცაა. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი. პილასტრები და საბჯენი თაღები ნათალი ქვითაა გამოყვანილი და დაყრდნობილია პროფილირებულ იმპოსტებზე. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ ოთხი სარკმელი აშუქებს. მათგან ორი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, ხოლო თითო-თითო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში. სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლები ორივე მხრიდან თაღოვანია. დასავლეთ სარკმელი, შიგნიდან ოთხკუთხაა ზემოთკენ ოდნავ დავიწროებული ხოლო გარედან მრგვალი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი ყოფილა ხის პატრონიკი. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში, სარკმლის ჩრდილოეთით კედელში ჩასმულია ქვევრისებრი ჭურჭელი. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, ჩასმულია ქვიშაქვის მართკუთხა ქვა, რომელზეც ორსაფეხურიან პოსტამენტზე დაყრდნობილი მაღალი რელიეფური ჯვარია გამოსახული. სარკმლის ქვემოთ მდებარე ლოდზე, შემორჩენილია სამსტრიქონიანი მხედრული წარწერის ნაშთები. სამხრეთ შესასვლელის ზღურდარზე გამოსახულია პატარა რელიეფური ჯვარი, რომელიც შეწყვილებული გრხილით შემოფარგლულ ნახევარწრიულ არეშია მოქცეული. დასავლეთ ფასადზე სარკმლის ღიობი ოდნავ წაგრძელებულ ქვიშაქვის ბლოკშია გამოკვეთილი და ირგვლივ გრეხილი ლილვი ევლება. ამ ქვაზე დადგმულია იმავე ზომისა და ფორმის ქვა ორსაფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ფასადები დასრულებულია თხელი ნატეხი ქვით ნაწყობი სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც ფრონტონის კუთხეებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. დასავლეთ კედელზე დაშენებული ჰყოფილა პატარა სამრეკელო. 2010 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გაკეთდა ქვის საფეხუროვანი ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 245-246.