წყორძის წმინდა გიორგის ეკლესია

წყორძის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ წყორძაში.

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება
 
წყორძის დარბაზული ეკლესია
 
წყორძის ეკლესია. რელიეფი

დარბაზული ეკლესია (გარე ზომები 4,0X6,1 მ.) ნაგებია სუფთად გათლილი ქვით. ტაძარში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიდა სივრცე საბჯენი თაღითა და პილასტრებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა, სადაც აფსიდისწინა სივრცე თითქმის ორჯერ აღემატება დასავლეთისას. ეს შესაძლოა კარის წირთხლის გამო პილასტრების დასავლეთით გაწევითაა გამოწვეული. ეკლესია საკურთხევლის სარკმლის გარდა კიდევ ორი სარკმლით ნათდება, ერთი დასავლეთისაა, იგი საკურთხევლის სარკმლის ადგილზეა, მეორე მრგვალი სარკმელი კი ჩრდილოეთის კედელშია გაჭრილი. ინტერიერი შედარებით უხეშად დამუშავებული ქვითაა მოპირკეთებული (კედლის ასეთი ფაქტურა მომავალში გასალესად და მოსახატად კეთდებოდა, თუმცა დრეს ძველი მხატვრობის ან ნალესობის ფრაგმენტები არ შეინიშნება).

პირველი შეხედვისთანავე თვალში გვხვდება ეკლესიის უჩვეულოდ მაღალი პროპორციები. ფასადები კარგად გათლილი და საგულდაგულოდ მორგებული ქვითაა ამოყვანილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები ერთნაირია (დასავლეთის ფასადზე სარკმელიც კი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულოდ, საკურთხევლის სარკმლის დონეზეა). ორივე სარკმლის საპირეთა ზემოტ, ფრონტონის არეში მაღალი გლუვსაპირიანი დეკორატიული ჯვარია აღმართული. ფასადების კუთხეებში, კარნიზების ქვემოთ, შეწყვლილებული ლილვები და ზედ „გამობმული“ ქვაზე ამოკვეთილი დეკორატიული ყურძნის მტევნები ან ფოთლოვანი ორნამენტია. ეს თემა, როგორც დეკორატიული აქცენტი, ოთხივე ფასადის კუთხეებზე იყო გამეორებული.

ერთადერთ შესასვლელს წნული დეკორითა და შეწყვილებულილილვებით შემკული საპირე უვლის. ტიმპანში წრეში ჩახაზული დეკორატიული ჯვარია. კარნიზები ლილვით, წრეთარგითა და თაროთია შედგენილი. წრეთარგი მხოლოდ ფასადთა კიდეებშია დეკორით შემკული. დეკორი აქ მცენარეულია. ჩრდილოეთის ფასადზე სარკმლის მრგვალი საპირე და კარნიზის ძირში დამატებით დეკორატიული მოტივებია ჩასმული. სხვა დეკორატიული მორთულობისაგან განსხვავებით კარისა და სარკმლების საპირეები ერთი სახის „გადამჯდარი“ წრეებით შედგენილი წნული გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული. სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნახევარზე თავიდანვე მცირე ეკვდერი ყოფილა, რომლის ცილინდრული კამარის მხოლოდ ქუსლია შემორჩენილი.

წყროძის წმინდა გიორგის ტაძარი რესტავრირებულია. აღდგენილია გადახურვის ცილინდრული კამარა, ოთხივე ფასადზე კარნიზის მნიშვნელოვანი ნაწილი და ფასადებზე კედლის წყობის ნაკლული ქვები ახალგათლილი ტუფის ქვითაა შევსებული. ეკლესია გადახურვა კრამიტითაა შემოსილი (თავდაპირველად ეკლესია ლორფინით იქნებოდა გადახურული).

ხუროთმოძრვრებითა და დეკორატიული მორთულობით წყროძის წმინდა გიორგის ეკლესია XIII საუკუნის დასასრულს მიეკუთვნება. ყოველ შემთხვევაში XIV საუკუნის დასაწყისზე გვიანი არ უნდა იყოს.

მოვლენები

რედაქტირება

2017 წლის 21 ივლისს სოფელ წყორძაში, გზის მოასფალტების სამუშაოების შერულებისას, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ასტორიამ“ სოფელში არსებული XIII საუკუნის ტაძრის გარშემო ასფალტი დაასხა. აღნიშნულმა ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც. სამუშაოების დროს ტაძართან, რომლის კედლები ისედაც დაზიანებულია, მძიმე ტექნიკა მოძრაობდა, რაც სპეციალისტების თქმით, კატეგორიულად დაუშვებელი იყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძჲს სიტყვებით ეკლესიის გარშემო მოასფალტება დაგეგმილი არ ყოფილა.

ახალციხეში, სოფელ წყორძის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ასფალტის დემონტაჟისა და მისი თავიდან კეთილმოწყობის მოთხოვნით, სპეციალური წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო კომპანია შპს „ასტორიას“ გაუგზავნა.

სააგენტოში განმარტეს, რომ სამშენებლო კომპანიამ დაჩქარებულ ვადებში ახალი პროექტი უნდა წარადგინოს. კომპანიას ტაძრის ირგვლივ უკვე დაგებული ასფალტის დემონტაჟი და მის ნაცვლად, სპეციალური მასალით მოპირკეთება, ჯებირების მოწყობა, ასევე გზის სავალი ნაწილის სათანადო გამაფრთხილებელი ნიშნებით მოწყობა დაევალება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. მარსაგიშვილი, „წყორძის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 496-497

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება