წორბისის ღვთისმშობლის ეკლესია (X-XI საუკუნეები)

წორბისის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია X-XI სს. მიჯნაზე.

დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვის კვადრები. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია აბსიდით. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ფართო შვერილებით. კედლების ძლიერი დაზიანების გამო სარკმლები არ შეინიშნება.

სამხრეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული, გარედან კი თაღოვანია. ფასადების დეკორაციული აქცენტებიდან აღსანიშნავია სამხრეთი კარის მორთულობა. შემორჩენილია თაღის ორი თლილი ქვა. წარბის ფორმის თაღის მთელი არე დაფარულია ორლენტოვანი გეომეტრიული წნულით. ასეთი კვეთა ანალოგიურია X-XI საუკუნის ძეგლებისათვის.

შესაძლოა მოგვიანებით დასავლეთ კედელშიც გაჭრეს კარი, რაზედაც მიგვანიშნებს ამავე კედლის შუა მონაკვეთში არსებული ღიობი.

ეკლესიის თაღ-კამარა და კედლის ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. ინტერიერში და ძეგლის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა. ეკლესია დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004