წორბისის ღვთისმშობლის ეკლესია
წორბისის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია თლილი და ფლეთილი ქვით. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო შეისრულთაღიანი ნიშია. საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები ასომთავრული წარწერით. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ტოლ ნაწილად იყოფა. სამხრეთ პილასტრზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი და წარწერის მცირე ფრაგმენტი.
ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ფასადებს ეტყობა გვიანდელი შეკეთების კვალი. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შიფერით გადაუხურავს. ფასადებზე პერანგი ბევრგან შემოცლილია, იატაკი დაზიანებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004