წობენურა, წობანურა, წობანური, ძობენურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, წობენური ადგილის მაუწყებელი სახელი უნდა იყოს. ძველად კახეთში ერწოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა სოფელი და თემი რომელსაც „წობენი“ ერქვა და „წობენურაც“ ამ ადგილის სახელიდან უნდა იყოს წარმოშობილი.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამი. იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად განივკონუსური და კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, იშვიათად მრგვალი. ზოგჯერ ბოლო შებრტყელებული. მომწვანო-მოყვითალო ფერის, მზის მხარეს სიდამწვრის ლაქები უჩნდება. თხელი და მკვრივკანიანია, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივის და მდნარია, სასიამოვნო-ჰარმონიული გემოთი. ეტყობა სუსტად გამოხატული ჯიშური არომატი.

წობენურა ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 156 დღეა. მტევნის წონა 100-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინო. იგი საშუალო ხარისხისაა, მოყვითალო-ჩალისფერი. სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით, საშუალო სხეულითა და სასიამოვნო გემოთი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 484