იოანე (მაისურაძე)

(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა მამა იოანე)

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე; დ. 1882, ცხინვალი — გ. 1957) — ბეთანიელი ბერი, რომელიც, გადმოცემით, თავისი ლოცვით უკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფებს კურნავდა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი.

ბეთანიელი მამები - მამა გიორგი და მამა იოანე

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ცხინვალი, დ. რუდნევი, 1886.

ვასილ მაისურაძე დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. მას ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი, თორმეტიოდე წლის ყმაწვილი, თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე), რომელმაც 1894–1896 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე.

ათონის მთაზე

რედაქტირება
 
მამა იოანე ათონის ქართველთა სავანეში

სიყრმიდანვე ბერ–მონოზნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი 1903 წლიდან ათონის მთაზე იწყებს მოღვაწეობას, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. უბრალოებით, ძმათა მსახურებით და სათნოებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონოზვნად და წმ. იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონოზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო წარმოაჩინა მისი პიროვნება. ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებით აღჭურვილი წმინდა მამა ყოველნაირად ცდილობდა სათნოყოფოდა ღმერთს და მოყვასისათვისაც სასარგებლო ყოფილიყო მისი ცხოვრება. ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელისუფლების მიერ სასიკვდილოდ გაწირვის მიუხედავად, მამა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა გარშემომყოფთადმი. წმინდა იოანემ 17 წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი, დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 1920–1921 წლებში სხვა ქართველ ბერებთან ერთად, იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

დაბრუნება საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში დაბრუნებული მამა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ბოლშევიკური დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ, მონასტერში მოსულმა ჩეკისტებმა ბერები გაიყვანეს და ხევის პირას დახვრიტეს. ხევში გადავარდნილი ბერები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ცოცხალ–მკვდარი იოანე სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს.

იოანე - ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი

რედაქტირება
 
ბეთანიის მონასტერი

გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში გადავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი, მღვდელმონოზონი სპირიდონი. მალე, სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა. 1924 წელს ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობა დაიწყო მამა გიორგიმ. მას შემდეგ ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდა მონასტერში. 1954 წელს ბეთანიელ ბერებს შეუერთდა მამა ვასილ ფირცხალავა, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა 1960 წელს. მამა იოანე ბავშვობიდანვე იყო შრომას შეჩვეული; მან მალე შესძლო მოეწყო სამონასტრო მეურნეობა და მონასტერში სულიერი რჩევა–დარიგებისათვის მისულ ხალხს კარგი ტრაპეზითაც უმასპინძლდებოდა. მიუხედავად მძიმე ღვაწლისა, მამა იოანე მონასტერში ამოსული ხალხის გასამხნევებლად თვითონაც მხიარულობდა.

იოანე და ბავშვები

რედაქტირება

იოანეს ძალიან უყვარდა ბავშვები და მათთვის ტკბილეული ყოველთვის ჰქონდა გადანახული. ბავშვები იმდენად გათამამებულები იყვნენ მასთან, რომ იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს, მამა იოანეს მიერ მრევლის დალოცვისა და წმინდა აიაზმის სხურების შემდეგ, ბავშვებმა მთლიანად გაწუწეს ღირსი მამა. ბავშვების ასეთი საქციელით უხერხულობაში ჩავარდნილ მშობლებს მამა იოანემ მხიარულად მიმართა, დღესასწაულია და ასეა საჭიროო.

ცხოვრება

რედაქტირება

მამა იოანე ძალიან მკაცრად ცხოვრობდა. მთელ დღეს შრომობდა, ეძინა მხოლოდ ფიცარზე და მთელი ღამეები ლოცულობდა. მასთან მყოფნი ვერ ხვდებოდნენ, როდის ისვენებდა წმ. მამა ან საიდან ჰქონდა მას ასეთი მხნეობა.

სასწაულები

რედაქტირება

ცნობილია, მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული [1] რომელთა გამომჟღავნებას ღირსი მამა ყოველთვის ერიდებოდა. მან და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ–მუნჯი, მათთან მოჰყავდათ სხვადასხვა უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები. ბეთანიაში რამდენიმე დღით დარჩენის შემდეგ ავადმყოფები სასწაულებრივად იკურნებოდნენ. [2]

ბოლო წლები

რედაქტირება

მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა და ძალიან წუხდა მამა გიორგიზე, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1957 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მამა იოანე და მამა გიორგი წმიდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღე დააწესა 21 სექტემბერს (ძველი სტილით 8 სექტემბერს). წმ. მამები დაკრძალულნი არიან ბეთანიის მონასტრის ეზოში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბ., 2004
  • „საპატრიარქოს უწყებანი“ № 35 (243), 2003

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 35 (243), 2003 წ.,
  2. „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.