წმინდა ერაზმი (გ. 303) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 მაისი, ახალი სტილით — 17 მაისი.

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდანი სიყრმიდანვე გულმოდგინედ მსახურებდა უფალს. ის აკურთხეს ფორმიის (იტალია) ეპისკოპოსად. დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ერაზმმა გადაწყვიტა გარიდებოდა სატანჯველს, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და ქალაქში დაბრუნება უბრძანა. როცა შემხვედრი მხედრები წმინდანის აღმსარებლობით დაინტერესდნენ, მან ქრისტიანად გამოაცხადა თავი. წმინდა ერაზმი ანტიოქიაში დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. წმინდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და უშჯულოებაში ამხილა იმპერატორი. წმინდა ერაზმი სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს. საპყრობილეში ჩაკეტილი ქრისტეს აღმსარებელი, ანგელოზმა სასწაულებრივად გამოიხსნა და უბრძანა: „მომყევი, იტალიაში წაგიყვან, იქ მრავალი ადამიანი ელოდება შენს სიტყვას“. ლუკიაში წმინდა ერაზმმა ხალხს ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა და მკვდრეთით აღადგინა ერთი დიდებულის ვაჟი. ამ სასწაულის შემდეგ 10000 კაცი მოინათლა. რომის იმპერიის დასავლეთის მფლობელმა მაქსიმიან პერკულმა ბრძანა წმინდანის შეპყრობა და სამსჯავროზე მიყვანა. წმინდა ერაზმმა კვლავ თამამად აღიარა ქრისტე. წმინდანი ცემეს და ძალით წაიყვანეს წარმართულ ტაძარში, მაგრამ, როგორც კი მან ტაძარში ფეხი შედგა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, სამსხვერპლოდან კი ცეცხლი გამოვარდა და მრავალი წარმართი დაწვა. გათავისუფლებულმა ერაზმმა უამრავი ხალხი მონათლა და ქალაქ სირმიაში წავიდა, სადაც კვლავ შეიპყრეს და აწამეს. წმინდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. ამ სასწაულმა ისე შეძრა ხალხი, რომ იმპერატორს ამბოხების შეეშინდა და სასახლეში მიიმალა. ანგელოზმა ბორკილებისაგან გაათავისუფლა ერაზმი და დააბრუნა ფორმიაში, თავის საეპისკოპოსოში. ის აღესრულა 303 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმინდა მღვდელმოწამის ნეშტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება