მთავარი მენიუს გახსნა

წმინდა გოლინდუხა (გ. 591) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 ივლისი, ახალი სტილით - 25 ივლისი.

ცხოვრებარედაქტირება

წმინდა გოლინდუხა, ნათლისღებით - მარიამი, სპარსეთში ცხოვრობდა ხოსრო I უფროსის მეფობისას (531–579). იგი სამეფოს მთავარი ქურუმის მეუღლე იყო. ნათელი ჭკუა-გონებით შემკული გოლინდუხა გრძნობდა წარმართული ცრუსიბრძნის ამაოებას და ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. როდესაც ქრისტიანული მოძღვრების არსებობა შეიტყო, მას მთელი არსებით მოუნდა გაეგო, რას ასწავლიდა იგი. მალე, ღვთის ნებით, შეუსრულდა კიდეც გულწრფელი სურვილი: ძილში ანგელოზმა ჯოჯოხეთის სატანჯველებიც მოახილვინა და სამოთხეც აჩვენა. ყოვლადსახიერმა უფალმა კვლავ ანგელოზის მეშვეობით მიუთითა მართლმორწმუნე ხუცესზე, რომელმაც მომავალ წმინდანს ნათელსცა და მარიამი უწოდა.

ნათლობის შემდეგ მარიამმა დატოვა ქურუმი ქმარი, ამ უკანასკნელმა კი მეფესთან დაასმინა გაქრისტიანებული მეუღლე. გოლინდუხას თავად ხოსრო, მისი დიდებული კარისკაცები და დიდგვაროვანი ქალბატონები დიდხანს შეაგონებდნენ, დაბრუნებოდა ოჯახს, მაგრამ წმინდანის გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. მაშინ მეფემ ნეტარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მარიამმაც თვრამეტი წელი დაჰყო სატუსაღოში.

ხოსროს მემკვიდრის, ჰორმიზდის ზეობისას (579–590) სპარსეთში ჩავიდა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის (582-602) ელჩი - არისტობულე. როდესაც მან შეიტყო, რომ საპყრობილეში მრავალი წლის მანძილზე იტანჯებოდა ქრისტიანი ქალი - მარიამი, მეფის ნებართვით რამდენიმეჯერ მოინახულა ნეტარი და ფსალმუნთა გალობა ასწავლა. როდესაც არისტობულე სამშობლოში გაემგზავრა, ჰორმიზდის წმინდანი დილეგიდან ამოაყვანინა და სასტიკად აწამა. შემდეგ მარიამი გარყვნილებს მიუგდეს შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ღმერთმა ბილწთა და უსჯულოთა თვალთაგან დაფარა იგი. ბოლოს მეფემ ბრძანება გასცა, თავი მოეკვეთათ ნეტარი დედისთვის, მაგრამ უფლის განგებულებით წმინდანი ჯალათთათვისაც უჩინარი შეიქნა და ქრისტიანთა თავშესაფარში აღმოჩნდა.

როცა ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკიოსის დახმარებით ხოსრო II (590–628) ავიდა ტახტზე და სპარსეთში ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმინდა მარიამ-გოლინდუხამ დაუფარავად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სიცოცხლის მიწურულს მან მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა მაცხოვრის საფლავს და სხვა წმიდა ადგილებს, უკან გამობრუნებულმა კი ნიზიბიაში, წმინდა მოწამე სერგის სახელობის ტაძარში შეჰვედრა სული უფალს 591 წელს.

ლიტერატურარედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.