წიწილიანი კაპისტონი

წიწილიანი კაპისტონი, წიწილიანი კაბისტონი, კაპისტონი წვრილიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

სახელწოდება შერქმეული აქვს იმის გამო, რომ მტევანში წვრილი, გაუნაყოფიერებელი, დაუმტვერავი (პართენოკარპიული) მარცვლები გვხვდება.

მცირე ნარგავების სახით მხოლოდ რაჭაშია გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი, ზოგჯერ მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი, მკვრივკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი — შეუფერავი.

წიწილიანი კაპისტონი საშუალო ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164 დღეა. ყურძენი სიმწიფეში სექტემბრის ბოლო რიცხვებში შედის. მტევნის წონა 136-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.4 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-9.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 481