წირქოლის წმინდა მარიამის ეკლესია
წირქოლის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქოლში. აგებულია XIX საუკუნეში.
სოფლის შემაღლებულ ადგილას მდებარე ეკლესია ფლეთილი ქვითა და აგურითაა ნაგები, რომელიც მოგვიანებით შეულესავთ. ეკლესიის დასავლეთ კეხის კიდეში დასმულია სამრეკლო, ღია ფანჩატურით. ჩრდილოეთ ფასადი შელესილია, შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. აქედან დასავლეთისა ამოშენებულია. დასავლეთ ფასადი აქცენტირებულია აგურის წყობაში ჩაძირული დიდი ზომის გოლგოთის ჯვარით. ჩრდილოეთი და სამხრეთი ფასადები ერთმანეთის მსგავსადაა დამუშავებული, კედლები დანაწევრებულია პილასტრების საშუალებით. გეგმით სწორკუთხა ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული, ღრმა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. მის ორსავე მხარეს ნიშებია. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით, რომლებზეც გადასულია კამარის საბჯენი თაღები. სატრიუმფო თაღი აბსიდის ვიწრო მხრებს ეყრდნობა. შიდა სივრცე განათებულია ჩრდილოეთით ორი, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმლით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 246–247. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.