წინკიბის ციხე
წინკიბის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარში. აგებულია IX-X საუკუნეებში.
წინკიბე მდებარეობს ქსნის მარჯვენა შენაკადზე, ჭურთის წყალზე. მაღალი მთებით შემოზღუდულ ამ ხეობაში სიმაგრისთვის ისეთი მთისწვერი შეურჩევიათ, რომ აქ გამავალი მტერი მას გვერდს ვერ აუვლიდა. მისი მფლობელი, ცხადია, ჭურთის ხევის სტრატეგიული მფლობელიც იყო. მაღალ მთაზე სოფელ წინკიბეს საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა. ნაგებობები ორ კომპლექსადაა განლაგებული. მაღლა მდებარეობს ნასოფლარი გალავნით და ორი ეკლესიით; ცოტა ქვემოთ კოშკი, ეკლესია და რამდენიმე სახლის ნანგრევია გალავნით. ქვედა კომპლექსის ეკლესია წმ. ბარბარეს სახელობისაა. საშუალო ზომის ეკლესია კოშკის აღმოსავლეთით ორ ნაბიჯზე დგას. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ფართე ტრაპეზის ქვა. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი ოდნავ შებრტყელებულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ეკლესიის კანკელი ორიგინალურია. მისი სამი თაღი არათანაბარია. მათგან ცენტრალური და მარცხენა - გასასვლელებია. თაღების საყრდენებს წაკვეთილი კონუსისმაგვარი კოლონები წარმოადგენს. ისინი ზემოთ მსხვილი ბალიშებით მთავრდება, ქვემოთ კი კვადრატულ ფილებს ეყრდნობა.
მოგვიანებით, ეკლესიის შიდა კედლები ფრესკული მხატვრობით დაუფარავთ. სამხრეთ კედელზე ასომთავრული წარწერით გამოსახული არიან ქტიტორები, საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკაა ყრმით ხელში, ქვედა რეგისტრში წმინდა მამების გამოსახულებაა. აქვეა ასომთავრული წარწერა: "სულსა და ტიმოთეს შეუნდვეს ღმერთმა", კიდევ, "ბერსა აბრამს შეუნდვენ ღმერთმან, ამინ". დასავლეთ კედელზე სცენა "აბანოი", სარკმლის თავზე წარწერაა: "აღვადგინე". ჩრდილოეთ კედელზე: "დედასა მისსა შეუნდვეს ღმერთმან".
ეკლესიის გრძივ კედლებს და აბსიდს ხარისხი შემოუყვება. სამხრეთი და დასავლეთი სარკმელი სწორკუთხაა. ჩრდილოეთი შესასვლელი ნაოთხალია. ეკლესიის მარტივ ფასადებს ამთავრებს სწორკუთხა კარნიზი. საბურავად გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. ეკლესიას ჩრდილოეთიდან გვიანდელი მინაშენი აქვს. მინაშენი ორი სათავსისაგან შედგება და ერთმანეთს არქიტრავული, ნაოთხალი შესასვლელით უკავშირდება. კედლებში მოწყობილია ნიშების რიგი. აღმოსავლეთით კარი და სარკმელია მოთავსებული. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.
დარბაზული ეკლესია
რედაქტირებაზურგიანი კოშკის ჩრდილოეთით 200 მეტრში დგას დარბაზული ეკლესია, რომელიც ადგილობრივი წარმოშობის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სიმეტრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სამხრეთით ერთი ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. დასავლეთ კედელში გაჭრილია სარკმელი. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. კამარა და კონქიჩამოქცეულია. კედლები მრავალ ადგილას დაბზარულია. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 330.
- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 51-54