წინანდლის წმინდა დემეტრეს ეკლესია

წინანდლის წმინდა დემეტრეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ წინანდლის სამხრეთ განაპირას, ვენახებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,6 x 5,5 მ). ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების ღიობები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები - აგურით. შესასვლელი ორია: სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთის კედლის ცენტრში. ორივე კარი გარედან თაღით იყო დასრულებული (შემორჩენილია მხოლოდ გვერდების ნაწილები, რის გამოც თაღის ფორმა არ დგინდება), შიგნიდან კი ხის, ბრტყელი გადახურვა აქვს.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, თაღოვანი სარკმლით ცენტრში და თითო, სწორკუთხა ნიშით გვერდებში. ერთი, თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა, საკურთხევლის შუაში აგურით ნაგები ტრაპეზი დგას. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის, შეისრულთაღიანი კონქით. ეკლესიის დარბაზი გეგმით კვადრატულია, გადახურულია შეისრული კამარით. იგი ეყრდნობა ერთ, შეკიდულ, შეისრულსავე, საბჯენ თაღს, რომელიც მას ორ თანაბარ ნაწილად ყოფს.

შენობის ფასადები მოკლებულია ყოველგვარ სამკაულს. კედლები დასრულებული იყო ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურებით შედგენილი რიგების მონაცვლეობით. სახურავი ორფერდაა, დაბურული იყო ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება