წივილაშვილების სახლი

წივილაშვილების სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქვემო ხოდაშენის თავში, თარიღდება XIX საუკუნის მიწურულით.

სახლი სხვადასხვა პერიოდის, ორი ნაწილისგან შედგება, რომელთა ბლოკი, ქუჩის გასწვრივ, მცირედ დაგრძელებულ სწორკუთხედს ქმნის (18 x 8.6 მ). შენობის თავდაპირველი ნაწილი ორსართულიანია. გვიანდელი ნაწილი კი - ერთსართულიანი. ამ უკანასკნელის ქვემოთ ნახევარსარდაფია. ქუჩის მხარეს, ტერიტორიის დაქანების გამო, ორივე ნაწილი ერთსართულიანია. სახლის წინ მოზრდილი ეზოა. ეზოში ქვითკირით ნაშენი, სამეურნეო დანიშნულების, ხუთი ნაგებობაა. მათ შორის ორი - სამზარეულო და თონე - შენობის გვიანდელი ნაწილის თანადროულია და მასზე, გვერდიდანაა მიდგმული. დანარჩენები (სასიმინდე, საბძელი, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა) კი განცალკევებით დგანან. შენობის ორივე ნაწილის კედლები რიყის ქვითაა ამოყვანილი. კარ-სარკმლების ღიობები აგურისაა. შიგნით კედლები შელესილია. თავდაპირველ ნაწილს ფიცრის ძველი იატაკი და შელამფული ჭერი შემორჩა. შენობის თავდაპირველ და გვიანდელ ნაწილებს შორის ნაკერია. სავარაუდოა, რომ მინაშენი ძირითადი ნაწილის მშენებლობის დამთავრებიდან მოკლე ხანში ააგეს.

სახლის ძირითად ნაწილში სხვადასხვა ფართობის, ორი ოთახი და მათ წინ მდებარე აივანია, მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში კი - ერთი ოთახი. აივანი ამ ოთახის წინაცაა. მოგვიანებით იგი მთლიანად შეუმინავთ, ხოლო თავდაპირველი ნაწილის აივნის თითქმის ნახევარი ოთახად გადაუკეთებიათ. ამისათვის აივნის ორი მალი აგურით ამოუშენებიათ და შეულესავთ. ამოშენებულ კედლებში თითო, სწორკუთხა სარკმელია დატანებული. ამავე დროსაა შეცვლილი აივნის მოაჯირიც. ყველა ოთახს შესასვლელი აივნიდან აქვს, რომელზეც ქვის ექვსსაფეხურიანი კიბით ვხვდებით. კიბე გვიანდელი ნაწილის აივანზეა მიდგმული. თავდაპირველ ნაწილში მდებარე ოთახები ერთმანეთისგან ტიხრითაა გამიჯნული მათ შორის მცირე ოთახი, მიშენებულ ოთახს მოგვიანებით გაჭრილი, ფართო, სწორკუთხა კარით უკავშირდება, სახლის სამივე ოთახს, აივნის მხარეს (ჩრდილოეთით), ორ-ორი სარკმელი აქვს. ამ სარკმლების გარდა, თავდაპირველი ნაწილის მოზრდილ ოთახს კიდევ ორი სარკმელი აქვს: ერთი - ქუჩის მხარესაა (სამხრეთით) გაჭრილი, ხოლო მეორე - განივ (აღმოსავლეთით) კედელში. მომცრო ოთახში კი მხოლოდ ერთი სარკმელია, რომელიც ქუჩაზე გადის. სარკმლები და შესასვლელები მშვილდისებრი თაღითაა გადახურული. ოთახები ბუხრის გარეშეა.

სახლის თავდაპირველი ნაწილის ორივე ოთახის ქვეშ მარანია. მარანს ორი, სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ორივე მარნის წინ მდებარე ტერასიდანაა, რომელიც წინიდან ღიაა, გვერდებიდან კი კედლებითაა შემოზღუდულია, მარნის ერთ-ერთი (დასავლეთ) კედელში ბუხარია. მის გვერდით - მცირე, სწორკუთხა ნიშა (გვიანდელია). ერთი, მსგავსი ნიშა მოპირდაპირე კედელშიცაა. ტერასის წინა ხაზზე აგურით ნაშენი, ოთხი, კვადრატული სვეტია, რომლებზეც აივნის საყრდენი კოჭია გადებული. შენობას მხატვრულ იერს მდიდრულად მორთული აივანი ანიჭებს. იგი ცალფერდა სახურავითაა გადახურული, რომელიც ხის, გრეხილ სვეტებზე გადებულ ძელს ეყრდნობა. სვეტებს შორის ჭვირული თაღებია, რომელთა ნახატი რთულ სახეებს შეიცავს. სვეტები კაპიტელებითაა დასრულებული. აივანი, მინაშენის მხრიდან, კედლითაა შემოზღუდული, რომელშიც აივანზე შესასვლელი კარია გაჭრილი. ამ კარით აივანი გვიანდელი ნაწილის აივანს უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, კარის წინ, ადრე, ქვის კიბე იყო მოწყობილი, რომელიც მინაშენის მშენებლობის დროს მოშალეს. გრეხილ სვეტებზე იყო დაყრდნობილი მოგვიანებით მიშენებული ნაწილის აივანიც. ოღონდ, ამ სვეტების კაპიტელები, თავდაპირველი აივნის სვეტების კაპიტელებისგან გასხვავებულია.

ქუჩის მხარეს მოქცეული ფასადის გადორმება შედარებით მარტივია: ორივე ნაწილში ერთი ტიპის, მშვილდისრებრთაღებიანი სარკმელია. ოღონდ გვიანდელი ნაწილის სიბრტყე, თავდაპირველი ნაწილისგან, როგორც მასალით, ისე წყობის ხასიათითაც განსხვავებულია. სარკმლების გადახურვაში. აგურისავე წყობით, გამოყვანილია სოლისებრი, საჭექი ქვები. შენობის გვიანდელი ნაწილის კედელი აგურის საფეხუროვანი ლავგარდანითაა დასრულებული თავდაპირველ ნაწილს კი ლავგარდანი აღარ შემორჩა. ადგილობრივი მაცხოვრებლის ცნობით, ფასადის ზედა ნაწილში, ერთი-ერთ აგურზე, ამოკვეთილი ყოფილა შენობის აგების თარიღი. სახლის თავდაპირველი ნაწილის გვერდითი ფასადები კვადრატული აგურით ნაწყობი, სამკუთხა ფრონტონითაა დასრულებული. ფრონყონის არეშიმ სხვენის, გასანიავებლად, ორ-ორი, ვიწრო, ნახევარწრიულთაღოვანი ღიობია მოწყობილი სახურავი ორკალითაა, დაბურულია კრამიტით. სახლი ამ რეგიონისათვის დამახასიათებელ და მნიშვნელოვან შენობათა რიგს მიეკუთვნება. გრეხილი სვეტების მქონა ამგვარი აივნები კი ამ რეგიონის სპეციფიკისათვის უცხოა. მასში თბილისური ტრადიციის გავლენა იგრძნობა.

ლიტერატურა

რედაქტირება