წვინდირხვა
წვინდირხვა (აფხ. Ҵәындырхәа) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ გულისმაგვარი ან თირკმლისმაგვარი ფორმის. სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ხშირად მხრიანი, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან მომრგვალო, მუქი-წითელი. კანი საშუალო სისქისაა, ძნელად სცილდება რბილობს, ცვილისებრი ნაფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეფერილი.
წინდირხვა ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190-205 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლს შედის. მტევნის წონა 97-110 გრამია, საჰექტარო მოასვლიანობა კი 11.4 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-11.0 გ/ლ-ს.
გამოიყენება ხარისხიანი მუქი ალუბლისფეერი, ექსტრაქტული და არომატული სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 473