ძირკოკის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ძირკოკის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის დასავლეთით სასაფლაოზე. განეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს.ეკლესია დარბაზულია. ნაგებია წვრილი რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. გარეთა კედლების ქვედა ნაწილი, ძირითადად რიყის ქვისაა, აგური მხოლოდ გარეთა კუთხეების წყობაშია გამოყენებული. კედლების ზედა ნაწილებში კი ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებული, ერთრიგად დაწყობილი აგურის სწორხაზოვანი რიგებია ჩართული. კარ-სარკმელთან დიობები და კონსტრ. ნაწილები გამოყვანილია აგურით. მოგვიანებით როგორც ჩანს XIX საუკუნეში, ეკლესია განუახლებიათ და მისი დანგრეული ნაწილები კვადრატული აგურით აღუდგენიათ. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთ კარი ორივე მხრიდან შესრული თაღითაა (გვიანდელია) გადახურული. სამხრეთ შესასვლელს გარეთა გადახურვა ჩამონგრეული აქვს, შიგნით კი ნახევარწრიული თაღი ხურავს. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან პილასტრების წყვილითაა გამოყოფილი. აფსიდში გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული, თაღოვანი სარკმელი. აფსიდის სამხრეთ გვერდში ორი განიერი, ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშაა, ხოლო ჩრდილოეთით ორი ანალოგიური და ერთი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშა. საკურთხევლის სარკმლის მსგავსი ორი სარკმელია გაჭრილი ჩრდილოეთ კედელში, ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. გრძივი კედლების შუაში თითო ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრის გვერდებზე საფეხურით შეღმავებული არეამ რომელიც ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. თაღები პილასტრის გვერდით საფეხურებს ეყრდნობიან, წინა საფეხურზე კი, კამარის საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ არეში მოწყობილია განიერი, ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშა. ინტერიერი შელესილი ყოფილა შემორჩენილია ნალესობის ფრანგმენტები. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, კედლის მოგვიანებით განახლებულ ნაწილში, გამოყვანილი ყოფილა ჯვრის შეღრმავებული გამოსახულება. 2011-12 წლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღდგა კედლების ზედა ნაწილები, კამარა და კონქი, შეკეთდა პილასტრების დაზიანებული ნაწილები, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 230.