ძია ჟანგკე
ძია ჟანგკე (ჩინ.: 贾樟柯; დ. 24 მაისი, 1970) — ჩინელი კინორეჟისორი და სცენარისტი. იგი ჩინური კინოს „მეექვსე თაობის“ წამყვან ფიგურად მიიჩნევა.[1]
ძია ჟანგკე | |
---|---|
ძია 2005 წელს | |
დაბადების თარიღი |
24 მაისი, 1970 ფენიანი, შანსი, ჩინეთი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1995-დღემდე |
ძიას პირველი ნამუშევრები, რომლებიც მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე გადაიღო, „იატაკქვეშა“ ფილმებად მიიჩნევა. 2004 წლიდან ჩინეთში რეჟისორის სტატუსი ამაღლდა, რის შედეგადაც მან მეოთხე მხატვრული ფილმი „სამყარო“ სახელმწიფო ლიცენზიით გადაიღო.
ძიას ფილმებმა საერთაშორისო ცნობადობა და კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა. 2006 წელს მისმა ფილმმა „მშვიდი ცხოვრება“ ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მიიღო.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაძია ჟანგზე შანსის პროვინციის ქალაქ ფენიანში დაიბადა. იგი კინემატოგრაფიით 1990-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა, როცა შანსის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ძიაზე განსაკუთებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩენ კაიგეს ფილმმა „ყვითელი დედამიწა“, რომელმაც, როგორც თავად აღნიშნა, მისი ცხოვრება შეცვალა და რეჟისორობა გადააწყვეტინა.[2]:185 1993 წელს მან პეკინის კინოაკადემიაში კინოთეორიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. აკადემიაში მას საშუალება მიეცა გასცნობოდა როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ კინემატოგრაფიას.
კარიერა
რედაქტირებაადრეული ნამუშევრები
რედაქტირებაპეკინის კინოაკადემიაში სწავლის პერიოდში ძიამ სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. პირველი მათგანი, ათწუთიანი დოკუმენტური ფილმი „ერთი დღე პეკინში“, რომელიც ტიანმენის მოედნის სანახავად მისული ტურისტების შესახებ მოგვითხრობს, ძიამ 1994 წელს საკუთარი ხარჯებით გადაიღო.[2]:186 მან კინოსამყაროს ყურადღება 1995 წელს გადაღებული მეორე მოკლე ფილმით სახელწოდებით „სიაო შანი მიდის სახლში“ მიიქცია, რომელიც მას საკუთარი სტილისა და თემატიკური ინტერესების ჩამოყალიბებაში დაეხმარა. თავად რეჟისორი აღნიშნავს, რომ მისი კინოკარიერა სწორედ ამ ფილმით დაიწყო.[2]:188 1997 წელს ხსენებულმა ფილმმა ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ჯილდო მოიპოვა,[1] რის შემდეგაც ძიას კინემატოგრაფი იუ ლიკ-ვაი და პროდიუსერი ლი კიტ მინგი დაუკავშირდნენ.[1][2]:186–187 მათი ხელშეწყობით რეჟისორმა მუშაობა დაიწყო ფილმზე „სიაო ვუ“, რომელიც შემდგომ მისი პირველი მხატვრული ფილმი გახდა. კინოაკადემიის დამთავრებამდე ძიამ კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „დუ დუ“ (1996) გადაიღო. ფილმი კოლეჟის სტუდენტ გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღება მისთვის უდიდესი გამოცდილება იყო.[2]:189
იატაკქვეშა წარმატება
რედაქტირებასწავლის დასრულების შემდეგ პროდიუსერ ლი კიტ მინთან და კინემატოგრაფ იუ ლიკ-ვაისთან ერთად ძიამ თავის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე სახელწოდებით „სიაო ვუ“ დაიწყო მუშაობა. ფილმის ბიუჯეტი 50 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. „სიაო ვუ“ ფინიანელი ჯიბის ქურდის შესახებ მოგვითხრობს, რამეთუ რეჟისორის სურვილი იყო, ფილმში ბოლო წლებში მის მშობლიურ ქალაქში მომხდარი ცვლილებები აესახა. ჩინეთში ფილმი უარყოფითად მიიღეს, რადგანაც იმ პერიოდის კინოტენდენცია თანამედროვე ჩინეთის რეალობიდან გაქცევა და ისტორიული ლეგენდის განდიდება იყო.[2]:192 მიუხედავად ამისა, „სიაო ვუმ“ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რის შედეგადაც ძიამ ტაკეში კიტანოსთან დაიწყო თანამშრომლობა.[1]
პირველი ფილმისგან მიღებული შემოსავლით ძიამ მომდევნო ორი ფილმი გადაიღო, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. პირველი მათგანი, „პლატფორმა“, სამსაათიანი ხანგრძლივობის ეპიკური ფილმია, რომელიც პროვინციელების თეატრალური და მუსიკალური დასის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მოქმედება 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე რეჟისორის მშობლიურ ქალაქში, ფენიანში ხდება. „პლატფორმა“ ჩინური კინოს მეექვსე თაობის შედევრად მიიჩნევა.[3] ფილმში მთავარ როლს ვანგ ჰონგვეი ასრულებს. „პლატფორმა“ ძიას შემოქმედებაში პირველი ფილმია, რომელშიც მსახიობი ჟაო ტაო მონაწილეობს. იგი მომავალში რეჟისორის ცოლი და მუზა გახდა და მთავარი როლები შეასრულა მის შემდეგ ფილმებში: „შეუცნობელი სიამოვნება“, „სამყარო“ და „მშვიდი ცხოვრება“.
2002 წელს ძიამ „შეუცნობელი სიამოვნება“ გადაიღო. ფილმი უკმაყოფილო ჩინელი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთი ბავშვის პოლიტიკის თაობის წარმომადგენლები არიან.[4] ფილმმა ძიას რეპუტაცია გაამყარა და თანამედროვე ჩინურ კინოში იგი ერთ-ერთ მთავარ რეჟისორად აქცია. „სიაო ვუ“, „პლატფორმა“ და „შეუცნობელი სიამოვნება“ ხშირად ერთად განიხილება და არაფორმალურ ტრილოგიად მიიჩნევა, რომელიც ჩინეთის გათანამედროვეობას ასახავს.[2]:184 სამივე ფილმი ჩინეთში ლიცენზიის გარეშე იყიდებოდა. რეჟისორი ამ ფაქტს აღნიშნავს ფილმში „შეუცნობელი სიამოვნება“, რომლის ბოლო კადრში ვანგ ჰონგვეის პერსონაჟი „სიაო ვუს“ DVD-ის ყიდულობს.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jia Zhangke კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Jia Zhangke — AllMovie
- Jia Zhangke — Senses of Cinema
- Overloaded Peking – დოკუმენტური ფილმი ძია ჟანგკეს მონაწილეობით
- BigScreen Italia
- Postsocialist Grit — ესე ფილმების – „პლატფორმა“ და „შეუცნობელი სიამოვნება“ – იდეოლოგიისა და ესთეტიკის შესახებ ჟურნალში Offscreen
- A conversation with Jia Zhangke
- Jia Zhangke on The Realist Imperatvie — Asia Society
- Q&A with Jia Zhangke at VIFF 2010 — Intermedias Review
- The Quest for Memory: Documentary and Fiction in Jia Zhangke's Films — Senses of Cinema
- Jia Zhangke: Capturing China's Transformation
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Lee, Kevin. „Jia Zhangke“. Senses of Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-12. ციტირების თარიღი: 2007-09-22.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Berry, Michael (2002). "Jia Zhangke: Capturing a Transforming Reality" in Speaking in Images: Interviews with Contemporary Chinese Filmmakers. Columbia University Press, ISBN 0-231-13331-6. Google Book Search. Retrieved 2008-09-09.
- ↑ Said, S F (2002-06-28). „In the Realm of Censors“. Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-18. ციტირების თარიღი: 2008-09-09.
- ↑ See for example, Mitchell, Elvis (2002-09-28). „Unknown Pleasures: New York Film Festival Reviews; Chasing A Dream But Getting Nowhere“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-09-06.
- ↑ Xu, Gary G. (2007). Sinascape: Contemporary Chinese Cinema. Rowman & Littlefield, p. 48. ISBN 0-7425-5450-3. Google Book Search. Retrieved 2008-09-10