ძეგვის წმინდა გიორგის ეკლესია

ძეგვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. აგებულია შუა საუკუნეებში.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას მთის ფერდზე, კლდის პირას, ტყიან ადგილას. სავარაუდოა, რომ, ის, ძველ ნაგებობაზეა აღმართული. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვების ირეგულარული წყობით და დახურულია თუნუქის სახურავით. ექსტერიერი და ინტერიერი უბრალოა, შეუმკობელი და მარტივი. სწორკუთხა შესასვლელი, რომელიც ბრტყელი არქიტრავით სრულდება, სამხრეთიდან არის დატანილი. თითო-თითო სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიული აფსიდი კუთხეებითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით არის გამოყოფილი. საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურითაა შემაღლებული და ამბიონი ერთვის. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, სატრაპეზო ქვა დგას, ჩრდილოეთ კედელში კი მცირე ზომის მართკუთხა ნიშაა მოქცეული. დარბაზის კედლები შეუმკობელია, ინტერიერი მთლიანად შეთეთრებილია, იატაკზე კვადრატული აგურია დაგებილი. ახალი ნაგებობა აგებულია 1992 წელს, რისი მაუწყებელი ქვის ფილაც ინტერიერშია დაცული. სავარაუდოა, რომ ეკლესია ძველი ნაგებობის ნაშთზეა აგებული, რაზეც შემორჩენილი სატრაპეზო ქვა და ძველი აგურის იატაკი მიგვანიშნებს. ის, დარბაზულას ხეობაში აღმართულ სხვა ეკლესიებთან ერთად გარკვეულ "ხაზს" ქმნის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30909